რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მერცი: პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ არ აქვს უკრაინაში ომის მოგების შანსი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი
Maja Hitij/Getty Images

"პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ მას არ აქვს ამ [უკრაინის] ომის მოგების შანსი" – გამოცემა Guardian ბუნდესტაგში გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის სიტყვას ციტირებს.

მერცი გერმანიის პარლამენტში ქვეყნის მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დებატებს ესწრება. მისი თქმით, ევროპაში მშვიდობის დაცვა ამჟამინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი პრინციპია. 

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ის აფასებს დონალდ ტრამპის მცდელობას, დაასრულოს ომი, თუმცა ევროპის საკითხები მხოლოდ ევროპასთან თანხმობით შეიძლება გადაწყდეს. 

"ევროპა არა პაიკი, არამედ სუვერენული აქტორია, რომელსაც თავისი ინტერესები და ღირებულებები აქვს" – ამბობს მერცი.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უკრაინას დაეხმარება "იქამდე, სადამდეც ეს შესაძლებელი იქნება".

25 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისთვის გადაცემული 28-პუნქტიანი გეგმა "მხოლოდ გზამკვლევი იყო" და კიევს ამ წინადადების მისაღებად განსაზღვრული ვადა არ აქვს.

"ეს არ ყოფილა გეგმა. ეს იყო კონცეფცია. იქიდან ისინი ყველა 28 პუნქტზე ცალ-ცალკე მსჯელობენ, შემდეგ კი 22 პუნქტამდე ჩამოდიან. ბევრი მათგანი გადაწყვეტილია და ძალიან ხელსაყრელადაც კი. ასე რომ, ვნახავთ, რა მოხდება" - თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ვადა ჩემთვის არის მაშინ, როცა ყველაფერი დასრულდება" - აღნიშნა მან.

აქამდე, ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ უკრაინა ამ გეგმას მადლიერების დღის დღესასწაულამდე დათანხმდებოდა.

ტრამპმა ასევე დაამატა, რომ აშშ-ს წარმომადგენლები მოსკოვთან და კიევთან საუბრებში გარკვეულ პროგრესს აღწევენ და რომ რუსეთი "ზოგიერთ დათმობაზე" დათანხმდა, თუმცა დეტალები არ გაუმხელია.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ აშშ-ს "28-პუნქტიან გეგმაში" აღარ არსებობს იმდენი პუნქტი, რამდენიც თავდაპირველად იყო და დაამატა, რომ ამის სანაცვლოდ სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში მრავალი "სწორი ელემენტის" გათვალისწინება მოხდა. 

კომენტარები