უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები

Axios: აშშ-სა და უკრაინას სამშვიდობო წინადადებასთან დაკავშირებით პროგრესი აქვთ

Andrew Harnik/Getty Images via Axios

გამოცემა Axios ანონიმურ უკრაინელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს 28-პუნქტიან ე.წ. "სამშვიდობო გეგმასთან" დაკავშირებით მოლაპარაკებებში პროგრესი აქვთ.

Axios-ის წყარომ ასევე თქვა, რომ ამერიკული დელეგაციის წევრი, აშშ-ს არმიის მინისტრი, დენიელ დისკროლი უკრაინულ დელეგაციას გუშინ, 22 ნოემბერს საღამოსაც შეხვდა. 

"ეს პოზიტიური და კონსტრუქციული საუბრები იყო". - თქვა გამოცემის წყარომ. 

ცნობისთვის, ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟენევაში უკრაინული დელეგაციის ცნობების მიღების შემდეგ დაწერა, რომ აშშ-ს სამშვიდობო წინადადებებმა შეიძლება მოიცვას "რიგი ელემენტები, რომლებიც უკრაინულ ხედვებს ეფუძნება და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია". 

ამასთან, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი და ჟენევის მოლაპარაკებებზე უკრაინული დელეგაციის წევრი, რუსტემ უმეროვი წერს, რომ დაუსრულებელი წინადადებები უკვე "მრავალ უკრაინულ პრიორიტეტს" ირეკლავს. 

პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ "უკრაინის "ლიდერებს"" აშშ-სთვის "ნული მადლიერება აქვთ გამოხატული და ევროპა რუსეთისგან ნავთობის ყიდვას განაგრძობს". 

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს მედიაში აშშ-ს მიერ რუსეთ-უკრაინისთვის შეთავაზებული 28-პუნქტიანი ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" გავრცელდა, რომელიც კიევის მხრიდან არაერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ დათმობაზე წასვლას, მათ შორის, ტერიტორიების დათმობასა და NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას, ითვალისწინებს.

მოგვიანებით ამერიკელმა სენატორებმა თქვეს, რომ მარკო რუბიომ მათთან სატელეფონო საუბრისას უარყო, რომ აღნიშნული დოკუმენტი აშშ-ს "სამშვიდობო გეგმა" იყო და განმარტა, რომ გავრცელებული პუნქტები ფაქტობრივად რუსეთის "სურვილების სიას" წარმოადგენდა. თუმცა, მალევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სენატორების განცხადება უარყო, ხოლო მარკო რუბიომ X-ზე სენატორების განცხადების საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი განცხადება გაავრცელა.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისადმი აშშ-ს მიერ წარდგენილი 28-პუნქტიანი ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" არ წარმოადგენს აშშ-ს საბოლოო წინადადებას. რეპორტიორის კითხვაზე, არის თუ არა უკრაინისთვის აშშ-ს მიერ წარდგენილი "სამშვიდობო წინადადება" საბოლოო, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ "არა".

21 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლლეობას სიტყვით მიმართა და აცნობა, რომ ახლა უკრაინა "ისტორიაში ურთულესი მომენტის" წინაშე დგას. " უკრაინა შესაძლოა, ძალზე რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ან დაკარგოს ღირსება, ან გარისკოს მთავარი პარტნიორის დაკარგვა." - დაამატა მან.

კომენტარები