რუსული რეჟიმი

მათიკაშვილი ემიგრანტებზე: პოზიტიური ცვლილებაა, 4 წელში ერთხელ ინახულონ სამშობლო

ივანიშვილის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოცნების ინიციატივა, რომლის თანახმადაც, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემა საქართველოს გარეთ აეკრძალებათ, პოზიტიურია.

მათიკაშვილის თქმით, ახლობლებთან და საზოგადოებასთან მარტივი კომუნიკაცია არარეზიდენტ მოქალაქეს გადაწყვეტილების ფორმირებაში "ბევრად უწყობს ხელს, ვიდრე მხოლოდ პოლარიზებული, ერთი მიმართულებით".

"სპეკულაციები, რომლებიც იყო ამ საკითხთან მიმართებით წერტილი რომ დაესვას ვიტყვით, რომ რეალური ეფექტი საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისა არჩევნებზე არის 1.5%, რადგან 95 000 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან უცხოეთში, მხოლოდ 34 000-მა მიიღო რეალურად არჩევნებში მონაწილეობა. ამას ვამბობ იმიტომ, რომ წერტილი დაესვას სპეკულაციას, თითქოს ეს ცვლილება არის გამოწვეული გარკვეული შიშებიდან, თითქოს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გადაწყვეტილებები გვაშინებს და ამიტომ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საკუთარ სამშობლოში მოახდინონ საარჩევნო უფლების რეალიზაცია. ეს არის ტყუილი და ეს სტატისტიკაც ამას აჩვენებს.

მაგრამ აქ ჩვენ ხომ რაოდენობაზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ემიგრანტი თანამოქალაქის მიერ ამ უფლების გააზრებულად განხორციელება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე და ჩვენთვის ისიც ძალიან კარგად გასაგებია, რომ ამ უფლების რეალიზება გარკვეულ ხარჯებთან, მომზადებასთან, წუხილებთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ უცხოეთში მყოფებს 4 წელიწადში ერთხელ და თანაც, იმდენად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, ეს არის ერთი დღე, როცა თავიდან ბოლომდე ხალხს ეკუთვნის ძალაუფლება და ხელისუფლება და ამიტომ ამ უფლების განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბოლომდე გააზრება და რეალიზება.

შესაბამისად, გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის ინსპირაცია, რაც სახელმწიფომ ამ კანონპროექტით გაითვალისწინა, გარკვეული მინიმალური კავშირ-ურთიერთობის უზრუნველყოფა, კანონპროექტის დანაწესიდანაც გააკეთა, არის პოზიტიური, რომ 4 წელიწადში ერთხელ, რა თქმა უნდა, უფლების ჭრილში, ეს ვალდებულება არ არის, მოახდინონ და მოინახულონ სამშობლო. შეიგრძნონ, დამოუკიდებლად იმისა, ამ პოლარიზებულ გარემოში რა საინფორმაციო წყაროებსაც ეყრდნობიან ისინი ამ პოლიტიკური გათვიცნობიერებისთვის, და შემდგომ ისე მიიღონ გადაწყვეტილება.

[...] უცხოეთში სხვა ალტერნატიული აზრის, სხვა შეხედულებების გაცნობისა და გააზრების შესაძლებლობა ბევრად რთულია, ვიდრე საკუთარ სამშობლოში. იმიტომ, რომ ხანდახან, აქჰაერიც კი გაჯერებულია იმ პოლიტიკური მდგენელით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ახლობლებთან და საზოგადოებასთან მარტივი კომუნიკაცია არარეზიდენტ მოქალაქეს გადაწყვეტილების ფორმირებაში ბევრად უწყობს ხელს, ვიდრე მხოლოდ პოლარიზებული, ერთი მიმართულებით". - თქვა მათიკაშვილმა.

ივანიშვილის რეჟიმმა საკანონმდებლო ცვლილება დააანონსა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც, ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ემიგრანტებს, რომელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ საქართველოში ჩამოვლენ. მათთვის საარჩევნო უბნები უცხოეთში აღარ გაიხსნება, რადგან რეჟიმის აზრით, “ღია და უხეშია” ამომრჩეველზე ზეწოლა უცხოეთიდან. ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ “ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას”.

კომენტარები