რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გრემის თქმით, "ტრამპის კურთხევით" რუსეთზე სანქციების კანონპროექტის მიღება გაგრძელდება

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი
Evelyn Hockstein/Reuters

აშშ-ს სენატორმა ლინდსი გრემმა X-ზე დაწერა, რომ "ტრამპის კურთხევით" კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის მიღებაზე მუშაობას განაახლებს. 

"ძალიან მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპის კურთხევით, კონგრესი წინ წაიწევს უაღრესად ორპარტიული რუსეთის სანქციების კანონპროექტზე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს უფრო მეტ ინსტრუმენტს მისცემს უკრაინაში სისხლისღვრის დასამთავრებლად." - წერს გრემი.

რესპუბლიკელი სენატორის თქმით, კანონპროექტი აშშ-ს პრეზიდენტს, "საკუთარი შეხედულებისამებრ," მეორადი სანქციების დაწესების უფლებამოსილებას ანიჭებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ყიდვით პუტინის ომის მანქანის მხარდაჭერას განაგრძობენ. 

"ორ მოწინავე რუსულ ნავთობკომპანიაზე ტრამპის აღმასრულებელმა სანქციებმა დიდი განსხვავება გამოიწვია. რუსეთის სანქციების კანონპროექტი ამ სიჩქარეს შეინარჩუნებს, რათა ეს ომი ღირსეულად, სამართლიანად და საბოლოოდ დასრულდეს." - დაამატა სენატორმა გრემმა. 

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ ეწინააღმდეგება რესპუბლიკელების კანონპროექტს, რომელიც რუსეთთან ბიზნესსაქმიანობის მქონე ნებისმიერი ქვეყნის "მძიმედ დასანქცირებას" გულისხმობს.

"ჩემთვის ეს მისაღებია. რესპუბლიკელები იღებენ კანონპროექტს, რომელიც ძალიან მძიმეა, სანქციებია და ა.შ. ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელსაც რუსეთთან ბიზნესსაქმიანობა აქვს," აღნიშნა ტრამპმა და დაამატა, რომ ამ ფორმულას შესაძლოა, ირანიც დაამატონ. 

სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა რეპორტიორებთან თქვა, რომ იგი ემხრობა, რუსეთის სანქციების კანონპროექტები მიმდინარე კვირაშივე განიხილონ. 

"ის ფაქტი, რომ სენატის ხელმძღვანელობა განიხილავს მათ წარდგენას ასეთ მოკლე დროში, ჩემთვის მიანიშნებს, რომ მათ პრეზიდენტი ტრამპისგან, თეთრი სახლიდან სიგნალი მიიღეს." - აღნიშნა სენატორმა უიკერმა.

კომენტარები