ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა. საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ამჯერად საქმე ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებასა და დაჯარიმებას ეხება.
"საია-მ მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა. ამჯერად, ეს საქმე იმ ადმინისტრაციულ პროცედურებს ეხება, რომელიც ამაღლობელის მიმართ სრულიად უკანონოდ გამოიყენეს [...] 2 ადმინისტრაციულ საქმეზე მზია ამაღლობელის დაჯარიმება და მათ შორის, ადმინისტრაციული წესით გამოყენებული დაკავება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე არღვევს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს.
სწორედ ამიტომ, ახალ საჩივარში მივუთითეთ, რომ ამ ქმედებებითა და პროცესში გამოვლენილი დარღვევებით სახეზეა კონვენციის უფლებების დარღვევის ისეთი მასშტაბები, რომელიც მე-5 მუხლთანაა დაკავშირებული - ეს არის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. ასევე, დაკავშირებულია სამართლიანი სასამართლოს, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლებებთან. გარდა ამისა, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებაც. ამ მუხლების ფარგლებში, ჩვენ ვდავობთ, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავება სრულიად უსაფუძვლო იყო". - თქვა ნონა ქურდოვანიძემ.





