მიხეილ სააკაშვილის საქმე

სააკაშვილი განაჩენზე: პრაქტიკულად, ციხეში განადგურება მომისაჯეს

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად, ციხეში ფიზიკური განადგურება მიუსაჯეს.

"მინდა, გამოვეხმაურო იმ ჯალათურ, უკანონო, სამარცხვინო გადაწყვეტილებების სერიას, რომელიც ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა მიიღო - და პრაქტიკულად, ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა მომისაჯა [...] თქვენ თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი საქართველოსთვის უნდოდა [...]

რამდენიც გინდათ, გამანადგურეთ - საქართველოს თავისუფლების იდეას ვერ ჩაკლავთ. სააკაშვილის სულს თქვენ ვერ ჩაკლავთ". - თქვა სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს.

მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა, რომელმაც საქმეზე შეკრებითობის პრინციპი გამოიყენა.

მოსამართლის განცხადებით, სასჯელი დაემატა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 12 მარტს მისჯილ 9-წლიან პატიმრობას და სააკაშვილს ჯამში 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კომენტარები