თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა

კობახიძე: ამ რთულ დროს, საქართველო თურქ მეგობრებს სრულ სოლიდარობას უცხადებს

ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა.

"პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე. ამ რთულ დროს, საქართველო თურქ მეგობრებს სრულ სოლიდარობას უცხადებს. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაღუპულებისკენ, მათი ახლობლებისა და ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა პირისკენ". - წერს კობახიძე X-ზე.

აზერბაიჯანულ მედიაში თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქული სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 20 პირი დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

გამოძიება დაიწყო მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტაბულამ FlightRadar24-ის მონაცემების გადამოწმებით დაადგინა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდნილი თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules არის

კომენტარები