თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა

ყაველაშვილი: ამ ტრაგედიამ ძალიან დაგვამწუხრა - თურქი ხალხის გვერდით ვართ

ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, უსამძიმრებს.

"გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი სამძიმარი და გავიზიაროთ თქვენი ღრმა მწუხარება საქართველოს ტერიტორიაზე თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო. ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ ძალიან დაგვამწუხრა. ამ მტკივნეულ და რთულ მომენტში თურქი ხალხის გვერდით ვართ და მათ ურყევ სოლიდარობას ვუცხადებთ". - წერს ყაველაშვილი X-ზე.

აზერბაიჯანულ მედიაში თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქული სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 20 პირი დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

გამოძიება დაიწყო მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტაბულამ FlightRadar24-ის მონაცემების გადამოწმებით დაადგინა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდნილი თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules არის

კომენტარები