ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ ჯაკო ჩარკვიანს და კიდევ 4 პირს: შოთა აფციაურს, დაჩი კეკლიას, ლევან გრძელიძესა და დავით პეტრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ - გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის გარდა, პროკურატურა ჩარკვიანს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასაც ედავება.
ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმავლის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რის გამოც სასამართლოს უკაცრესი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართეს.
ადვოკატები კი ბრალდებულების სხვადასხა ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდნენ. არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დღეს, 7 ნოემბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა იგივე საქმეზე ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ მანჩო გიორგობიანსაც.
პროკურატურამ მანჩო გიორგობიანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის ბრალდება 6 ნოემბერს წარუდგინა.
7 ნოემბერს დააკავეს საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი. შსს-ს ცნობით, ჯგუფური ძალადობასა და მის ორგანიზებაში სულ 6 პირი მონაწულეობდა - ექვსივე მათგანი დაკავებულია.
6 ნოემბერს ამ საქმეზე, თბილისის პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 4 პირი დააკავა, მათ შორის, 1996 წელს დაბადებული ჯაკო ჩარკვიანი. ასევე, 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ.
მანჩო გიორგობიანი 5 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ცნობით, გიორგობიანმა ერთ-ერთი მარკეტის თანამშრომლებზე ჯგუფური ძალადობა დააორგანიზა.





