შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ქართული ოცნების მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი დააკავეს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს - 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს - 1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით". - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 225-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.
ცნობისთვის, გიორგობიანი 4 ნოემბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ივანიშვილის შს მინისტრს, გეკა გელაძეს მიმართავდა და წერდა, რომ მთელს შსს-ს "ჰაერში აწევდა".
"გელკა გელაძე ხარ თუ ვიღაცა, თავში ხომ არ აგივარდა ბიჭო, აგწევთ ჰაერში მთელ შსს-ს და ჩამოგალაბორანტებ მინისტრობიდან!
ჩემი ძმა ბესო კოტრიკაძეა გაჩერებული ქუჩაში არაფრის გამო, ჩემთან წამალი მოაქვს, დედებსმოგიხნავთ თუ არ გამოუშვებთ და ჩემ გადაკიდებას გირჩევნია, ორი ტომარა ცემენტი ათრიო.
გაწყინათ ჩემმა ქებაი და დიდებაიმ! მაღლა მაღლა რომ დაფრინავ, მზის სხივი კი არა ხარ, ჭრიჭინას ძერასავით მოგხსნი ჰაერში! ტყვიას ტყვიაში კი ვაჯენ, ნაბანდიტარი ვერელი ვარ, თან ხილიანსკი! ვახტანგ გომელაურს არც ჩემთან არც სხვასთან კაცობაში და მინისტრობაში არაფერი შეშლია და მსოფლიოში ყველაზე ჰუმანური პოლიცია გადმოგაბარა, ჰოდა კი დავაბრუნებთ ისევ მინისტრად შე თავხედო, რას გვიბედავთ, სააკაშვილის პოლიციას აბრუნებ და რკინის მარწუხებს გვიჭერ?!" - წერდა გიორგობიანი.
ამჟამად, აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.





