მანჩო გიორგობიანი

ჯაკო ჩარკვიანს და კიდევ 4 პირს ბრალი წარედგინა – პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

ართული ოცნების მხარდამჭერის მანჩო გიორგიბიანის საქმის ფარგლებში დაკავებულ 5 პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. ჯაკო ჩარკვიანს უწყება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. 4 პირს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. 

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში მანანა გიორგობიანმა ამავე მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება, რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, დაემუქრა მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით.

მაღაზიიდან გასვლის შემდეგ, მანანა გიორგობიანმა ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რასაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, გიორგობიანმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანა ხუთი პირი, რომლებიც ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულებს და მიაყენეს დაზიანებები, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ამავდროულად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა [საუბარია ჯაკო ჩარკვიანზე] მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და საცხოვრებელი სახლის სარდაფში ინახავდა 2 ცალ „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას - 110 ცალ ვაზნას, რაც სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად 5 ნოემბერს ამოიღეს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ჯაკო ჩარკვიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით (ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, ხოლო ოთხ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც 6 წლამდე პატიმრობას ივალისწინებს. 

პროკურატურამ მანჩო გიორგობიანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის ბრალდება 6 ნოემბერს წარუდგინა. 

7 ნოემბერს დააკავეს საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი. შსს-ს ცნობით, ჯგუფური ძალადობასა და მის ორგანიზებაში სულ 6 პირი მონაწულეობდა - ექვსივე მათგანი დაკავებულია.

6 ნოემბერს ამ საქმეზე, თბილისის პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 4 პირი დააკავა, მათ შორის, 1996 წელს დაბადებული ჯაკო ჩარკვიანი. ასევე, 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ. 

მანჩო გიორგობიანი 5 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ცნობით, გიორგობიანმა ერთ-ერთი მარკეტის თანამშრომლებზე ჯგუფური ძალადობა დააორგანიზა.

კომენტარები