იტალია-რუსეთი

ელჩის გამოძახების შემდეგ, რუსეთის საგარეო იტალიას "ანტირუსულ" კამპანიაში ადანაშაულებს

რუსეთის საელჩო იტალიაში

მას შემდეგ, რაც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა, რუსულმა საგარეო უწყებამ რომი "ამაზრზენ ანტირუსულ კამპანიაში" დაადანაშაულა.

დიპლომატიური უთანხმოება მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას კომენტარს. ის რომში შუა საუკუნეების პერიოდის კოშკის ჩამონგრევას გამოეხმაურა და თქვა, რომ მთელი იტალია "ჩამოინგრევა", თუ უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ.

როგორც იტალიაში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო უწყებაში გამოცხადდა არა ელჩი, არამედ საელჩოს მრჩეველი-დესპანი, მიხაილ როსიისკი.

"შეხვედრის ფარგლებში რუსულმა მხარემ გამოთქვა უკიდურესი პროტესტი რომის მიერ მედიაში აგორებულ უხეშ და ამაზრზენ ანტირუსულ კამპანიასთან დაკავშირებით." - ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში. 

რუსეთმა განცხადებაში კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ იტალია მხარს უჭერს უკრაინას, რომელიც ტექსტში მოხსენიებული იყო "უკრაინის დამნაშავე ტერორისტულ რეჟიმად".

განცხადებაში რუსული უწყება ასევე წერს, რომ მსგავსი შეხვედრა გადაუდებლობას არ საჭიროებდა და გამოთქმულია დამატებითი უკმაყოფილება, რომ რუსი დიპლომატი გამოიძახეს 4 ნოემბერს, როცა რუსეთში ეროვნული ერთობის დღე აღინიშნება.

3 ნოემბერს შუა საუკუნეების დროს აშენებული კონტის კოშკი, რომელიც კოლიზეუმთან ახლოს მდებარეობს, რეკონსტრუქციის დროს ჩამოინგრა. ნანგრევებში 11 საათის განმავლობაში იმყოფებოდა მუშა, რომელიც საბოლოოდ სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა

შემთხვევას მარია ზახაროვა გამოეხმაურა.

"შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანგარიში წარადგინა, რომ "იტალიის მხარდაჭერა უკრაინისადმი, სამხედრო დახმარებისა და და ევროკავშირის მექანიზმებით გადახდილი შენატანები, შეადგენს დაახლოებით 2.5 მილიარდ ევროს, საიდანაც დაახლოებით 1 მილიარდი ევრო განკუთვნილია ლტოლვილებისთვის, 310 მილიონი ევრო - სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად, ხოლო 93 მილიონი ევრო - ჰუმანიტარული საქმიანობისთვის".

სანამ იტალიის ხელისუფლება საკუთარი გადასახადების გადამხდელების ფულს უაზროდ დახარჯავს, იტალია მთლიანად ჩამოინგრევა: ეკონომიკიდან დაწყებული, კოშკებით დასრულებული." - დაწერა ზახაროვამ საკუთარ ტელეგრამ არხზე.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ზახაროვას სიტყვებს ვულგარული უწოდა.

"ეს ვულგარული განცხადებაა, რადგან უბედურების დროს არ შეიძლება სპეკულაცია ხალხზე, ვინც ნანგრევების ქვეშაა, ან მუშებზე, რომლებიც დაშავდნენ. ჩვენ ამას არასდროს ვაკეთებთ. ეს არის სამარცხვინო და მიუღებელი ცივილიზებულ ქვეყანაში. მსგავსი განცხადებები მსოფლიოში არსად გაკეთებულა. ეს არის ამაზრზენი განცხადება, რომელსაც კატეგორიულად ვგმობთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სოლიდარობისგან თავს შევიკავებთ, თუ რუსი ხალხი პრობლემის წინაშე იქნებიან. მოვითხოვთ ასეთივე პატივისცემას ადამიანებისგან, რომლებმაც აშკარად არ იციან, რას ნიშნავს ეს. ამიტომ გამოვიძახე რუსეთის ელჩი, რათა გამოგვეხატა ჩვენი აღშფოთება." - თქვა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

კომენტარები