რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას კომენტარის გამო იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ზახაროვას სიტყვებს ვულგარული უწოდა.
"ეს ვულგარული განცხადებაა, რადგან უბედურების დროს არ შეიძლება სპეკულაცია ხალხზე, ვინც ნანგრევების ქვეშაა, ან მუშებზე, რომლებიც დაშავდნენ. ჩვენ ამას არასდროს ვაკეთებთ. ეს არის სამარცხვინო და მიუღებელი ცივილიზებულ ქვეყანაში. მსგავსი განცხადებები მსოფლიოში არსად გაკეთებულა. ეს არის ამაზრზენი განცხადება, რომელსაც კატეგორიულად ვგმობთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სოლიდარობისგან თავს შევიკავებთ, თუ რუსი ხალხი პრობლემის წინაშე იქნებიან. მოვითხოვთ ასეთივე პატივისცემას ადამიანებისგან, რომლებმაც აშკარად არ იციან, რას ნიშნავს ეს. ამიტომ გამოვიძახე რუსეთის ელჩი, რათა გამოგვეხატა ჩვენი აღშფოთება." - თქვა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აქამდე რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ იტალია უკრაინას ფინანსურად ეხმარება. მომხდარი უბედური შემთხვევის ფონზე კი მან დაწერა, რომ "მთელი იტალია ჩამოინგრევა".
"შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანგარიში წარადგინა, რომ "იტალიის მხარდაჭერა უკრაინისადმი, სამხედრო დახმარებისა და და ევროკავშირის მექანიზმებით გადახდილი შენატანები, შეადგენს დაახლოებით 2.5 მილიარდ ევროს, საიდანაც დაახლოებით 1 მილიარდი ევრო განკუთვნილია ლტოლვილებისთვის, 310 მილიონი ევრო - სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად, ხოლო 93 მილიონი ევრო - ჰუმანიტარული საქმიანობისთვის".
სანამ იტალიის ხელისუფლება საკუთარი გადასახადების გადამხდელების ფულს უაზროდ დახარჯავს, იტალია მთლიანად ჩამოინგრევა: ეკონომიკიდან დაწყებული, კოშკებით დასრულებული." - დაწერა ზახაროვამ საკუთარ ტელეგრამ არხზე.
3 ნოემბერს შუა საუკუნეების დროს აშენებული კონტის კოშკი, რომელიც კოლიზეუმთან ახლოს მდებარეობს, რეკონსტრუქციის დროს ჩამოინგრა. ნანგრევებში 11 საათის განმავლობაში იმყოფებოდა მუშა, რომელიც საბოლოოდ სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.





