ბულგარეთის ოთხ მოქალაქეს ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს პარიზის ჰოლოკოსტის მემორიალზე აეროზოლის საღებავების გამოყენებით წითელი ხელების გამოსახვისთვის, რაც საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურების მიხედვით, რუსული დესტაბილიზაციის კამპანიის ფარგლებში მოწყობილი ვანდალიზმი იყო.
პარიზის სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა გეორგი ფილიპოვსა და კირილ მილუშევს, რომლებმაც აღიარეს ბრალი გრაფიტის დახატვაში. ამასთან, ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა ნიკოლაი ივანოვს, რომელსაც ბრალად ედებოდა ფილიპოვისა და მილუშევის რეკრუტირება. ამას გარდა, თავისუფალი რჩება ჯგუფის სავარაუდო ლიდერი, მირჩ ანგელოვი, რომელსაც სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
გასულ წელს 500-მდე წითელი ხელი დახატეს პარიზის სამეზობლოებსა და კედელზე, რომელიც პატივს მიაგებდა მათ, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების გადარჩენას შეუწყვეს ხელი. თავდაპირველად გრაფიტი ღაზაში მიმდინარე ომის კონტექსტში განიხილებოდა, რის ფონზეც ევროპის მასშტაბით ანტისემიტურმა ინციდენტებმა იმატა.
თუმცა, სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურები ამბობენ, რომ წითელი ხელები რუსეთის მიერ მოწყობილი სტრატეგიის ნაწილი იყო, რათა დაქირავებული ჯგუფების მეშვეობით საზოგადოებრივ აზრში განხეთქილება გამოეწვიათ, გაეღვივებინათ სოციალური დაძაბულობა და გაევრცელებინათ ცრუ ინფორმაცია.
სასამართლომ განაცხადა, რომ "უცხოური ჩარევის მიზანი საფრანგეთის საზოგადოების გაყოფაა, მაგრამ ეს არანაირად არ ამსუბუქებს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას."





