ნინო დათაშვილის საქმე

არ შეიძლება, პატიმრობა დაფუძნებული იყოს აბსტრაქტულ რისკებზე – ომბუდსმენი დათაშვილზე

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას აქვეყნებს და წერს, რო მიესალმება ნინო დათაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტს.

ომბუდსმენის განცხადებით, 28 ოქტომბერს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა და მიუთითა, რომ პატიმრობის გამოყენება არ შეიძლება დაფუძნებული იყოს აბსტრაქტულ რისკებსა და საფრთხეებზე და განიხილა ნინო დათაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებები, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რელევანტური ასპექტები.

"2025 წლის 28 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მოსაზრებაში მიმოხილული იყო ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი სტანდარტები.

მითითებული იყო, რომ არ შეიძლება, პატიმრობის გამოყენება დაფუძნებული იყოს აბსტრაქტულ რისკებსა და საფრთხეებზე, და ასევე, მხოლოდ სადავო ქმედების ხასიათსა და ბუნებაზე. პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია - თუ არ არსებობს მისი გამოყენების რელევანტური და საკმარისი მიზეზები, ხოლო საფრთხეების არსებობა კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობის მტკიცებულებებით უნდა საბუთდებოდეს, როდესაც პატიმრობა განგრძობითია.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილული იყო ბრალდებულ ნინო დათაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებები, მათ შორის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რელევანტური ასპექტები". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დათაშვილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი შეუცვალა.

პროკურატურამ 29 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ რომ "ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს,რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს".

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ნინო დათაშვილმა მის ბოლო 2 სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლო. ის დღევანდელ პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. 

ნინო დათაშვილი 20 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები