ნინო დათაშვილის საქმე

ნინო დათაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება და თვითმოვლა არ შეუძლია - ადვოკატი

რეჟიმის პატიმრის, ნინო დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, ციხეში დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან მძიმდება.

"ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა [...] ფაქტობრივად, მას დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია. არ შეუძლია თვითმოვლა [...]

ციხეში ნინოს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა ეს ეფექტური არ არის. მკურნალობის კურსი რამდენჯერმე შეუცვალეს და აშკარაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება [...] ჩვენ მოვითხოვეთ ნინოს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისთვის იმ ინკლუზიური გარემოს შექმნა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია, თუმცა, საბოლოო პასუხი ჯერ არ გვაქვს", - თქვა გაბოძემ TV პირველის ეთერში. 

ნინო დათაშვილი 20 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები