ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) შეიარაღებულმა ფრთამ განაცხადა, რომ თურქეთის მთავრობასთან სამშვიდობო ძალისხმევის ფარგლებში საკუთარ ძალებს თურქეთის ტერიტორიიდან ერაყში გადაიყვანენ.
ქურთისტანის მუშათა პარტიამ ამის შესახებ განცხადება ჩრდილოეთ ერაყში გააკეთა. ერაყის ჩრდილოეთში ქურთული ავტონომია მდებარეობს.
ქურთული ორგანიზაციების გამაერთიანებელი ორგანოს, ქურთისტანის თემთა კავშირის წარმომადგენელმა, საბრი ოქიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ PKK-ს ძალებს ჩრდილოეთ ერაყში გადაიყვანენ, რათა "შეტაკებები და პროვოკაციები" თავიდან აირიდონ. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება თურქეთის პატიმრობაში მყოფმა PKK-ს ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა დაადასტურა.
ამას გარდა, განცხადებაში ქურთული ჯგუფები თურქეთს სამართლებრივი და პოლიტიკური დათმობებისკენ მოუწოდებენ.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სპიკერმა, ომერ ჩელიქმა PKK-ს გადაწყვეტილებას თურქეთის უსაფრთხოების პრობლემების აღმოფხვრისადმი გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
ცნობისთვის, 2025 წლის 1-ელ მარტს, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) შეიარაღებულმა ფრთამ დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.
ეს შეიძლება იყოს დასასრული 1994 წელს დაწყებული კონფლიქტისა, რომელიც PKK-მ, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთ ერაყის მთებს აფარებს თავს, შეიარაღებული აჯანყება წამოიწყო და რომლის შედეგადაც 40,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ისინი იმედოვნებდნენ, ანკარა გაათავისუფლებდა PKK-ს ლიდერს აბდულა ოჯალანს, რომელიც 1999 წელს მისი დაპატიმრებიდან თითქმის სრულ იზოლაციაში იმყოფება, რათა მან PKK-ს განიარაღების პროცესს უხელმძღვანელოს. მათ ასევე თქვეს, რომ პროცესის წარმატებისთვის საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური და დემოკრატიული პირობების შექმნა.
ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება PKK-ს პატიმრობაში მყოფი ლიდერის, ოჯალანის განიარაღებისკენ მოწოდებას მოჰყვა. 27 თებერვალს ოჯალანმა PKK-ს მოუწოდა, ჩაებარებინათ იარაღი და დაშლილიყვნენ. ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა როგორც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობამ, ასევე ოპოზიციურმა პროქურთულმა DEM პარტიამ.





