11 ივლისს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) შეიარაღებული ფრთის მებრძოლებმა ჩრდილოეთ ერაყში მდებარე გამოქვაბულის შესასვლელთან იარაღი სიმბოლურად დაწვეს.
ცერემონიის ამსახველ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დგანან რიგში PKK-ს მებრძოლები, მათ შორის ქალები, რომლებიც AK-47-ის ტიპის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს აბარებენ, რის შემდეგაც ქურთი, ერაყელი და თურქი ოფიციალური პირების წინაშე ისინი დაწვეს.
იარაღის დაწვის დროს მებრძოლებს თან ახლდა ოთხი მეთაური, მათ შორის PKK-ს ერთ-ერთი ლიდერი, ბესე ხოზათიც, რომელმაც დაჯგუფების განიარაღების შესახებ განცხადება თურქულად წაიკითხა.
"თქვენი თანდასწრებით ნებაყოფლობით ვანადგურებთ ჩვენს იარაღს, როგორც კეთილი ნებისა და მიზანდასახულობის გამომხატველ ნაბიჯად," თქვა მან, რის შემდეგაც კიდევ ერთმა მეთაურმა იგივე განცხადება ქურთულ ენაზეც წაიკითხა.
Reuters-ის თვითმხილველის თქმით, ცერემონიის დროს ადგილზე იყვნენ ვერტმფრენებიც, ხოლო ერაყის ქურთული უსაფრთხოების ძალების ათეულობით წევრი მიმდებარე მთიან ადგილებში იყვნენ განლაგებული.
ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ თურქეთისა და ერაყის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები, ერაყის ქურთული რეგიონული მთავრობის ოფიციალური პირები და თურქეთის პროქურთული DEM-ის პარტიის წევრებიც.
ერთ-ერთმა თურქმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ დაჯგუფების განიარაღება "შეუქცევადი გარდამტეხი წერტილია" სამშვიდობო პროცესში, ხოლო კიდევ ერთმა წყარომ თურქეთის მთავრობიდან Reuters-ს განუცხადა, რომ მომდევნო ნაბიჯები მოიცავს თურქეთის საზოგადოებაში PKK-ს წევრების ლეგალურ რეინტეგრაციასა და ძალისხმევას, რათა მოხდეს საზოგადოებაში შერიგებისა და ნდობის აღდგენა.
ცნობისთვის, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) შეიარაღებულმა ფრთამ დაშლისა და ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მაისში მიიღო.
მანამდე, 1-ელ მარტს, PKK-ს შეიარაღებულმა ფრთამ დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. ამას წინ უძღოდა PKK-ს პატიმრობაში მყოფი ლიდერის, ოჯალანის განიარაღებისკენ მოწოდება.
27 თებერვალს ოჯალანმა PKK-ს იარაღის ჩაბარებისა და დაშლისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ამ ნაბიჯს მხარი როგორც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობამ, ასევე ოპოზიციურმა პროქურთულმა DEM პარტიამ დაუჭირა.
დაჯგუფებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებაში გამოთქვა იმედი, რომ ანკარა PKK-ს ლიდერს, აბდულა ოჯალანს გაათავისუფლებს, რომელიც 1999 წელს მისი დაპატიმრებიდან თითქმის სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა, რათა მან PKK-ს განიარაღების პროცესს უხელმძღვანელოს. მათ ასევე თქვეს, რომ პროცესის წარმატებისთვის საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური და დემოკრატიული პირობების შექმნა.
ყოველივე ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ათწლეულოვანი ამბოხების დასრულებისკენ, რასაც 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. PKK-მ თურქეთის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყება 1984 წელს წამოიწყო და ამ დრომდე დაჯგუფება ერაყის მთებს აფარებდა თავს.




