ქურთისტანის მუშათა პარტია

თურქეთში ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირის ბრალდებით 282 ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK) კავშირის ბრალდებით 282 ადამიანი დააკავა. ეჭვმიტანილებს შორის არიან ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, აკადემიკოსები და სხვები. ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი ერლიკაიამ დაადასტურა.

როგორც Reuters აღნიშნავს, თურქეთში უკანასკნელი ხუთი დღეა საპოლიციო რეიდები იმართება, რომლის მიზანიც "სამხედრო დაჯგუფებასთან კავშირების გამო, არჩეული პროქურთული ქალაქის მერების დაკავებული პოსტებიდან გათავისუფლებაა".

გამოცემა აღნიშნავს, რომ დაკავებებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, განცხადების გავრცელებას გეგმავს PKK-ს დაკავებული ლიდერი, აბდულა ოჯალანი, რომელსაც ოთხი თვის წინ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოკავშირეები თხოვდნენ, რომ მებრძოლებისთვის იარაღის დაყრისკენ მოეწოდებინა.

ამავდროულად, თურქეთის ჟურნალისტთა კავშირმა დაგმო რეიდების ფარგლებში სამი ჟურნალისტის დაკავება.

"არ შევეგუებით იმას, რომ ისინი დაკავებულნი არიან საკუთარ სახლებში ჩატარებული რეიდების შედეგად, მაშინ როცა შესაძლებელი იყო მათი პოლიციის განყოფილებაში დაბარება". - წერია კავშირის განცხადებაში.

თურქეთის შს მინისტრის ცნობით, "ანტიტერორისტული რეიდები" თურქეთის 51 პროვინციაში, მათ შორის, დედაქალაქ ანკარასა და უდიდეს ქალაქ სტამბოლში ჩატარდა. მისი თქმით, დაკავებულები ბრალდებულები არიან PKK-ს პროპაგანდის გავრცელებაში, დაჯგუფების დაფინანსებაში, ადამიანების გადაბირებასა და ქუჩის პროტესტებში მონაწილეობაში.

კომენტარები