მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა ცდილობს, აშშ-ს მხრიდან დაწესებული სანქციები თავიდან აარიდოს რუსული ნავთობკომპანია Rosneft-ის გერმანულ ბიზნესს, რომლის მფლობელობაშიც კვლავ რჩება სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ სახელმწიფო ადმინისტრაციის ქვეშ მოაქციეს.
Financial Times-ის ცნობით, ფრიდრიხ მერცის კოალიცია ცდილობს, აშშ-სგან მიიღოს გარანტიები, რომ ხსენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ შეეხება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული შეზღუდვები, რომლებიც დასავლურ საფინანსო ინსტიტუტებსა და მომხმარებლებს სიაში შეყვანილ სუბიექტებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას უკრძალავენ.
"მთავრობა კონტაქტზეა შესაბამის ორგანოებთან ვაშინგტონში," განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.
გერმანიის მთავრობის თქმით, აშშ-ს ზომები გერმანიაში Rosneft-ის შვილობილ კომპანიებს არ უნდა შეეხოს, ვინაიდან ისინი უკვე "ჩამოაშორეს მათ რუსულ მშობელ კომპანიას."
ამასთან, გერმანიის მთავრობა ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული სამეფო, რომელმაც გასულ კვირას ასევე სანქციები დაუწესა Rosneft-სა და Lukoil-ს, დათანხმდა, რომ შეზღუდვები გერმანიაში მოქმედ ნავთობაგადამამუშავებელ ქარხნებზე არ გავრცელდებოდა.
სანქციების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში გაერთიანებულმა სამეფომ სპეციალური ლიცენზია გამოსცა, რომელიც ბიზნესებს Rosneft-ის ორ გერმანულ შვილობილთან საქმიანი ურთიერთობის დაჭერის ნებას რთავდა იმის საფუძველზე, რომ აღნიშნული სუბიექტები გერმანიის სახელმწიფოს კონტროლქვეშ არიან. Reuters-ის წყაროების თქმით, ეს ნაბიჯი გერმანიის მთავრობის მხრიდან ლობირების შედეგი იყო.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გერმანიის მთავრობამ შვედტის ნავთობადამამუშავებელი ქარხანა, Rosneft-ის საკუთრებაში არსებულ კიდევ ორ ქარხანასთან ერთად, ქვეყნის ენერგორესურსების ფედერალური მარეგულირებელი ორგანოს, Bundesnetzagentur-ის (BNA) მეურვეობის ქვეშ მოაქცია. ამის მიუხედავად, Rosneft კომპანიის წილების 54%-ს კვლავ აკონტროლებს.
შედეგად, გერმანიის სახელმწიფომ, რომელიც თავს იკავებს აქტივების ნაციონალიზაციისგან, ყოველ ექვს თვეში ერთხელ კანონი უნდა მიიღოს მეურვეობის გახანგრძლივებაზე, თუმცა მას წარმოების შესანარჩუნებლად საჭირო ინვესტიციების ჩადება არ შეუძლია.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, თავის მხრივ, Rosneft თავს იკავებს საკუთარი წილის გაყიდვისგან, რადგან კომპანია მიიჩნევს, რომ ბერლინის მხრიდან აქტივების არ ჩამორთმევის შემთხვევაში, კომპანიის აქტივების ღირებულება უფრო მეტი იქნებოდა.





