ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია KCNA-ს ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის საბრძოლო თანამშრომლობა "შეუჩერებლად გაგრძელდება."
KCNA-ს მიხედვით, კიმმა აღნიშნული განცხადება კურსკის ოლქში უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი მემორიალის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე გააკეთა.
"მებრძოლი ძმობის ის წლები, რომლებშიც ძვირფასი სისხლის ფასად უზრუნველყოფილი იყო ორმხრივი მეგობრობის გრძელვადიანი განვითარების გარანტია, შეუჩერებლად გაგრძელდება" - განაცხადა კიმმა.
მისივე თქმით, "დომინირებისა და ტირანიის" მიერ შექმნილი გამოწვევები ორ ქვეყანას შორის კავშირებს ხელს ვერ შეუშლის.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა უკრაინასთან ომში. ფხენიანის მიერ გაგზავნილი სამხედროები გასული წლის ნოემბერში უკრაინის წინააღმდეგ კურსკის მიმართულებით ბრძოლებში მონაწილეობდნენ.





