რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

WSJ: ტრამპს რუსეთის სანქცირების სამი გეგმა წარუდგინეს, მან შუალედური ვარიანტი აირჩია

AFP

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ს მხრიდან რუსული ნავთობკომპანიების, Lukoil-ისა და Rosneft-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებამდე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სანქციების სამი სხვადასხვა პაკეტი წარუდგინეს, რომლებიც უკვე თვეების განმავლობაში იყო გაწერილი და გამზადებული. 

აშშ-ს მაღალჩინოსნებმა WSJ-სთან თქვეს, რომ სანქციების სამი გეგმიდან ყველაზე მძიმე ვარიანტი რუსულ ინდუსტრიასა და მოწინავე რუს ლიდერებზე იყო გათვლილი; შუალედური ვარიანტი ეხებოდა რუსეთის ენერგეტიკის სექტორს, ხოლო უფრო მსუბუქი გეგმა შედარებით შეზღუდული სახით სანქციების დაწესებას გულისხმობდა. 

გამოცემის ცნობით, ტრამპმა შუალედური ვარიანტი აირჩია. მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ყველაზე მტკიცე ნაბიჯის გადადგმამდე კი ტრამპმა 22 ოქტომბერს ოვალურ ოფისში თავის მრჩევლებს ჰკითხა, ეთანხმებოდნენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას, რაზეც, ერთ-ერთი წყაროს თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და თავდაცვის ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა დადებითი პასუხი გასცეს. 

WSJ-ს ინფორმაციით, სანქციების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ტრამპი აშშ-ს სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტს შეხვდა და რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების მომზადება დაავალა. 

"ვიგრძენი, რომ ამის დრო იყო. ჩვენ დიდხანს ველოდეთ," განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს რუსეთზე ახალი სანქციების შემოღების შემდეგ. 

სანქციების გამოცხადებასთან ერთად ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრაც გააუქმა, როცა იგრძნო, რომ უკრაინაში ომის შეჩერების შესახებ მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით არ მიდიოდა. 

"ჩვენ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა გავაუქმეთ. ვიგრძენი, რომ რაღაც სწორად არ იყო. ვიფიქრე, რომ არ მივდიოდით იქ, სადაც საჭირო იყო, ამიტომ შეხვედრა გავაუქმე. მაგრამ ამას [შეხვედრას] მომავალში გავაკეთებთ." - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას.

"ყოველ ჯერზე, როცა ვლადიმირთან ვლაპარაკობ, კარგი საუბრები მაქვს და შემდეგ ეს საუბრები არსად მიდის. უბრალოდ არანაირი შედეგით მთავრდება," თქვა ტრამპმა. 

სანქციების გამოცხადების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განმარტა, რომ სანქციები არ ნიშნავს, რომ შეიცვალა ტრამპის ადმინისტრაციის ზოგადი მიზანი, აიძულოს რუსეთს, მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვიდეს. 

"ჩვენ მაინც გვსურს რუსებთან შეხვედრა," განუცხადა რუბიომ რეპორტიორებს და დაამატა, რომ "პრეზიდენტი [ტრამპი] თვეების განმავლობაში განმეორებით ამბობდა, რომ გარკვეულ ეტაპზე მას რაღაცის გაკეთება მოუწევდა, თუ ჩვენ სამშვიდობო შეთანხმებაზე პროგრესი არ გვექნებოდა. დღეს არის დღე, როცა მან რაღაცის გაკეთება გადაწყვიტა."

კომენტარები