პროკურატურა მარიამ ოთინაშვილსა და თამუნა კირთავას 4 ოქტომბერს, აქციაზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ედავება და გამოკითხვაზე იბარებს.
"დღეს პროკურატურიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ გამოკითხვაზე ვარ დაბარებული [...] როგორც პროკურორმა მითხრა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას მედავებიან. წარმოდგენა არ მაქვს, საერთოდ არ ვიცი რას მედავებიან, ვერ ვხვდები [...] ვიცი, რომ ბრალი უნდა წარმიდგინონ". - თქვა რეჟიმის პატიმრის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ცოლმა, მარიამ ოთინაშვილმა TV პირველთან საუბარში.
აქტივისტი სოფო ურიდია წერს, რომ პროკურატურიდან თამუნა კირთავასაც დაუკავშირდნენ.
"თამუნა კირთავას დაუკავშირდნენ ახლა, ბრალი აქვს წაყენებული 4 ოქტომბრის საქმეზე. დღეს დაიბარეს დაკითხვაზე, თუ არ მოხვალთ ძებნას გამოვაცხადებთო. სავარაუდოდ, TV იმედი ედავება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას."- წერს ურიდია სოციალურ ქსელში.
სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.





