მზია ამაღლობელი

ტიხანოვსკაია: პოჩობუტისა და ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭება დიდი გამარჯვებაა

სვეტლანა ტიხანოვსკაია
AFP

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას თქმით, ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭება ძლიერ გზავნილს უგზავნის ყველა პოლიტიკურ პატიმარს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"სახაროვის პრემიის ანდჟეისა და უშიშარი მზია ამაღლობელისთვის მინიჭება ყველა პოლიტპატიმარს მტკიცე გზავნილს უგზავნის, რომ არ ხართ მარტო და ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის. როგორც გერმანელმა პარლამენტარმა მანუელა როტმანმა ერთხელ თქვა: "დღეს გმირები ფილმებში არ არიან. გმირები ციხეებში არიან". ანდჟეი და მზია კი მათ შორის არიან. ასე, რომ გილოცავთ. ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა". - თქვა ტიხანოვსკაიამ.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს გადასცა, მათ შორის, სერგეი ტიხანოვსკის, რომელიც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა.

სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპარლამენტმა დააწესა. პრემია კერძო პირებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ენიჭებათ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის.


ცნობისთვის, 6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მანამდე, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

კომენტარები