ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადაეცა.
ამაღლობელთან ერთად, პრემია გადაეცა პატიმრობაში მყოფ ბელარუს ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტისაც.
სახაროვის პრემიის გამარჯვებულები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ სტრასბურგში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაასახელა.
"ორივემ დიდი ფასი გადაიხადა ხელისუფლების წინაშე სიმართლის თქმისთვის. თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცნენ. ევროპარლამენტი მათთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად დგას, ვინც კვლავაც ითხოვს თავისუფლებას". - თქვა მეცოლამ.
სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპარლამენტმა დააწესა. პრემია კერძო პირებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ენიჭებათ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის.
ცნობისთვის, 6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მანამდე, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.





