თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ პირების პროცესები გაიმართა, რომლებიც, 20 ოქტომბერს, "სახის დაფარვისა" და "გზის გადაკეტვის" გამო დააკავეს.
დაკავებულთაგან ნაწილს "გზის გადაკეტვას" ედავებოდნენ, ნაწილს "სახის დაფარვას":
- "სახის დაფარვისთვის" დაკავებულ თეიმურაზ სარალიძეს - 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;
- "გზის გადაკეტვისთვის" დაკავებულ ნინო ბერუაშვილს - 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;
- "სახის დაფარვისთვის" დაკავებულ საბა ჯაფარიძეს - 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;
- "გზის გადაკეტვისთვის" დაკავებულ ქეთა ციცქიშვილს - 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;
- "გზის გადაკეტვისთვის" დაკავებულ თამარ თოთლაძეს - 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;
- არჩილ გოგორიშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;
19 ოქტომბერს, "გზის გადაკეტვისა" და "სახის დაფარვისთვის" 14 პირი დააკავეს, მათ შორის, ფორმულას ჟურნალისტი ვახო სანაია.
ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმმა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი, აქციების კანონი მესამე მოსმენით, 16 ოქტომბერს მიიღო.
ცვლილებების მიხედვით,15 დღემდე პატიმრობით დაისჯება შეკრების ან მანისფესტაციის მონაწილე, რომელიც:
- სახის "ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით" დაიფარავს;
- იქონიებს "ცრემლმდენ, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელ ნივთიერებას";
- განზრახ შექმნის "დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის";
- მოაწყობს დროებითი კონსტრუქციას, რომლის მოწყობა "საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას".





