აქციების კანონი

სახის დაფარვისა და გზის გადაკეტვისთვის დაკავებულებს, მათ შორის სანაიას, პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ პირების პროცესები გაიმართა, რომლებიც, დღეს, სახის დაფარვისა და გზის გადაკეტვის გამო დააკავეს. 

ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 18 ოქტომბერს რუსთაველზე გამართული აქციის შემდეგ დააკავეს 14 პირი, ხოლო 13-ის საქმე წარმოებაშია. 

დაკავებულ პირთა შორის არიან: თ.თ, ნ.ს., ლ.მ., გ.გ., ვ.მ., ს.ხ., მ.კ., შ.ჩ., ლ.ჩ., ლ.ჯ., ვ.ს., გ.ყ., დ.გ. და ლ.ნ. 

დაკავებულთაგან ნაწილს გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, ნაწილს სახის დაფარვას:

  • გზის გადაკეტვისთვის დაკავებულ ლევან მარგიანს - 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;
  • სახის დაფარვისთვის დაკავებულ ლარა ნაჭყებიას - 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;
  • გზის გადაკეტვისთვის დაკავებულ ნინო სვანიძეს - 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;
  • გზის გადაკეტვისთვის დაკავებულ საბა ხომერიკს - 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;
  • გზის გადაკეტვისთვის დაკავებულ ვახო სანაიას - 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;
  • გზის გადაკეტვისთვის დაკავებულ შალვა ჩუბინიძეს - 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;
  • გზის გადაკეტვისთვის დაკავებულ ლევან ჯობავას - 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;  
  • სახის დაფარვისთვის დაკავებულ დავით გოგიჩაიშვილს - 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა;

ლეიბორისტების წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლოდან გაათავისუფლეს, მისი პროცესი გადაიდო და 24 ოქტომბერს გაიმართება. დაკავებისას მას სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერი ჰქონდა ჩართული, სადაც ყვებოდა, რომ დღეს დედის ორმოცი ჰქონდა და პოლიციას სთხოვდა, სასაფლაოზე წასვლის ნება მიეცათ. 

გზის გადაკეტვისთვის დაკავებულ თორნიკე თხილავას მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და დარბაზიდან გაათავისუფლა. 

გელა გამყრელიძე, რომელსაც სასამართლო გზის უკანონოს გადაკვეთას ედავებოდა, სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე დარბაზიდან გაათავისუფლეს. [IPN]

ხოლო, ვახტანგ მაჭავარიანის საქმე მოსამართლემ ცალკე წარმოებად გამოყო, იმიტომ რომ მან სასამართლო პროცესზე გააჟღერა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მოსამართლემ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად გარკვეული დრო განუსაზღვრა. [IPN]

ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმმა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი, აქციების კანონი მესამე მოსმენით, 16 ოქტომბერს მიიღო

ცვლილებების მიხედვით,15 დღემდე პატიმრობით დაისჯება შეკრების ან მანისფესტაციის მონაწილე, რომელიც:

  • სახის "ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით" დაიფარავს;
  • იქონიებს "ცრემლმდენ, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელ ნივთიერებას";
  • განზრახ შექმნის "დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის";
  • მოაწყობს დროებითი კონსტრუქციას, რომლის მოწყობა "საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას".

შსს: აქციის შემდეგ ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 14, წარმოებაშია 13 პირის საქმე

კომენტარები