აქციების კანონი

ფორმულა: ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განვიხილავთ შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ

ტელეკომპანია ფორმულა თავისი ჟურნალისტის, ქეთა ციცქიშვილის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"დღეს, 20 ოქტომბერს, რეჟიმის პოლიციამ დააკავა ფორმულას კიდევ ერთი წამყვანი, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი. მიზეზი, სავარაუდოდ, აქციაში მონაწილეობაა. გუშინ რეჟიმის სასამართლომ ანალოგიური საბაბით 6 დღით საპატიმროში ჩასვა ფორმულას წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია.

ფორმულა ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა.

მოვითხოვთ ქეთა ციცქიშვილის გათავისუფლებას, ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს ქმედითი მხარდაჭერისკენ, რათა რეჟიმმა კრიტიკული მედიის დევნისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს. მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა, ფორმულა განაგრძობს თავისუფალი სიტყვის დაცვას" - წერია ფორმულას განცხადებაში.

დღეს, ჟურნალისტმა ქეთა ციცქიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა - "ჩემამდეც მოვიდნენ, მომაკითხეს მილიციელებმა."

ცნობისთვის,გუშინ, გზის გადაკეტვისთვის დაკავებულ ფორმულას ჟურნალისტს, ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები