აქციების კანონი

ვითხოვთ ვახო სანაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - ორგანიზაციები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მედიის ადვოკატირების კოალიცია ჟურნალისტ, ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურებიან. 

ცნობისთვის, დღეს, გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის შსს-მ 14 პირი დააკავა, მათ შორის არის ვახო სანაიაც. 

ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ ჟურნალისტს და მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. 

ადვოკატირების კოალიციის აზრით, სანაიას დაკავება "მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევაა", თვლიან, რომ მსგავსი ზეწოლა მედიის წარმომადგენლებზე გამონაკლისი არაა და ბოლო წლების განმავლობაში სისტემური სახე მიიღო. 

ქარტიის შეფასებით, ბოლო თვეებში შემოღებული ცვლილებებით, ოცნება "ზღუდავს სივრცეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის და მოქალაქეებს პრაქტიკულად ართმევს შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას."

მათი განცხადებით, მედია უკვე დიდი ხანია ქართული ოცნების სამიზნედაა ქცეული, სანაიას დაკავებასაც სწორედ ამ კონტექსტში აფასებენ და თვლიან, რომ ეს მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

კომენტარები