რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი Tomahawk-ებზე: კარგია, რომ ტრამპს უარი არ უთქვამს, თუმცა დღეისთვის არც თანხმობა უთქვამს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისში, 18 აგვისტო, 2025
AFP via Getty Images

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპთან შეხვედრის დროს, აშშ-ს პრეზიდენტს უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაზე უარი არ უთქვამს, თუმცა ამ ეტაპზე არც თანხმობა განუცხადებია. 

ამის შესახებ ზელენსკიმ NBC News-ის ეთერში ილაპარაკა.

ზელენსკის თქმით, ტრამპმა 17 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე უთხრა, რომ აშშ-ს საკმარისი რაოდენობის Tomahawk-ები არ აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამასთან დეტალების გაზიარება არ შეუძლია. 

"კარგია, რომ პრეზიდენტ ტრამპს უარი არ უთქვამს, თუმცა დღეისთვის არც თანხმობა უთქვამს. [...] ეს დელიკატური საკითხია და გზავნილია პრეზიდენტისგან, რომ რაოდენობა, რომელიც გაქვთ, ამერიკული ინტერესებისთვის საკმარისი არ არის. ამ დეტალებს ვერ გაგიზიარებთ, ბოდიშს ვიხდი, ეს თქვენი შიდა საკითხებია, თუმცა ამ დიალოგის გაგრძელებაზე იმედს ვამყარებ". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტები სჭირდება და მხოლოდ უკრაინული წარმოების დრონები საკმარისი არ არის, რადგან რუსეთი როგორც რუსული, ისევე ჩრდილოკორეული წარმოების რაკეტებს იყენებს. მისივე თქმით, აშშ-ს Tomahawk-ის მსგავსი სხვა შეიარაღებაც აქვს.

"როცა შორ მანძილზე ვსაუბრობთ, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ სამხედრო მიზნებისთვის უკრაინული წარმოების ათასობით შორი რადიუსის დრონს ვიყენებთ, თუმცა რუსეთი არა მხოლოდ ირანული წარმოებისა და ასევე საკუთარი წარმოების [...] დრონებს, არამედ რუსული წარმოებისა და ჩრდილოკორეული წარმოების შორი რადიუსის რაკეტებსაც იყენებენ. ძალიან რთულია, რომ მხოლოდ უკრაინული დრონებით ვიმოქმედოთ, შორი რადიუსის Tomahawk-ები და მსგავსი რაღაცები გვჭირდება, აშშ-ს მსგავსი რაღაცები აქვს. ეს შერეული გამოყენებისთვის გვჭირდება, როგორც მათ რუსეთი იყენებს. გასაგებია, როგორც ხდება. ჩვენი გუნდები ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობენ". - თქვა ზელენსკიმ. 

ჟურანლისტის კითხვის პასუხად ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ იცის, ტრამპის ცვლილება პუტინთან საუბარმა განაპირობა თუ არა. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინს ეშინია, რომ აშშ უკრაინას Tomahawk-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის.

"ნამდვილად არ ვიცი, რადგან ჩვენ ამ სატელეფონო საუბრამდე არ შევხვედრივართ, თუმცა, კიდევ ერთხელ, კარგია, რომ დღეისთვის მას უარი არ უთქვამს. [...] ვფიქრობ, რასაც ხვდება ან რასაც მიხვდა სატელეფონო საუბრის შემდეგ, (არ ვიცი, არ ვმონაწილეობდი საუბარში, მაგრამ ვიცოდი ამის შესახებ) რომ რუსებისთვის Tomahawk-ები ძალიან სენსიტიურია, მათ ეშინიათ, რომ აშშ-ს უკრაინისთვის [მათი] მიწოდება შეუძლია. ვფიქრობ, პუტინს ეშინია, რომ აშშ ჩვენ Tomahawk-ებს მოგვაწოდებს და ვფიქრობ, რომ მას ძალიან ეშინია, რომ ჩვენ მათ გამოვიყენებთ. მან იცის, თუ რომელი სამხედრო სამიზნეები ვიცით რუსეთში, ჩვენ ვიცით სად არის რუსული სამხედრო სამიზნეები და ეშინია, რომ მათ [რედ. - Tomahawk-ებს] გამოვიყენებთ და ამიტომ ვართ ახლა იქ, სადაც ვართ". - თქვა ზელენსკიმ.

მანამდე, ორმა ინფორმირებულმა წყარომ Axios-ს მოუყვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 17 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას არ აპირებს  ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

წყაროების თქმით, ტრამპმა შეხვედრაზე მკაფიოდ გამოხატა, რომ ამჟამად მისი მთავარი პრიორიტეტი დიპლომატიაა და ის ფიქრობს, რომ Tomahawk-ების მიწოდებამ შესაძლოა ამ ძალისხმევას ზიანი მიაყენოს.

კომენტარები