17 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ უდანაშაულოა.
პროკურორებს ბოლტონის პატიმრობაში დატოვება არ მოუთხოვიათ, ის საკუთარი სათავდებო თანხის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, ჯონ ბოლტონს მერილენდის ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალი 16 ოქტომბერს წაუყუნეს.
ბოლტონს ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის გაცემაზე რვა მუხლითა და ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის შენახვაზე ათი მუხლით ედება ბრალი.
სასამართლო ჩანაწერების თანახმად, გასულ თვეში გასაჯაროებულმა სასამართლო დოკუმენტებმა გამოააშკარავა, რომ ბოლტონი გასაიდუმლოებულ მასალასთან არასწორი მოპყრობის გამო ფედერალური გამოძიების ქვეშ იყო აყვანილი.
ბრალდების თანახმად, ბოლტონმა ეროვნული უსაფრთხოების თანამდებობაზე ყოფნის დროს, "ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის რანგში ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ათასზე მეტი გვერდი – მათ შორის, ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაცია, რომელიც კლასიფიცირებული იყო უმაღლესი საიდუმლო", გაუზიარა ორ არაუფლებამოსილ პირს, რომლებიც მისი ნათესავები იყვნენ.





