თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად დაჭრილი აშშ-ს ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი წვერი გარდაიცვალა.
შემთხვევას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "20 წლის სარა ბექსტრომი ჭრილობებისგან გარდაიცვალა". რაც შეეხება გვარდიის მეორე წევრს, ტრამპის თქმით, 24 წლის ენდრიუ უოლფი, "თავისი სიცოცხლისთვის იბრძვის."
"მსურს, გამოვხატო მთელ ერის ტანჯვა იმ ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელიც გუშინ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში მოხდა, რა დროსაც ველურმა მხეცმა დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული გვარდიის ორ სამხედროს ცეცხლი გაუხსნა, რომლებიც ვაშინგტონში სამსახურებრივი მოვალეობის ფარგლებში იყვნენ განლაგებულები." - თქვა ტრამპმა აშშ-ს სამხედროების მიმართ მადლიერების დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში.
თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, პრეზიდენტი დაღუპული სამხედროს ოჯახის წევრებს ტელეფონით ესაუბრა.
გაფართოებული გამოძიების ფარგლებში, FBI-მ რამდენიმე კერძო საკუთრებაში ჩხრეკა ჩაატარა, მათ შორის, ვაშინგტონში მდებარე სახლში, რომელიც თავდამსხმელთან არის დაკავშირებული. ჩხრეკის შედეგად სააგენტომ რამდენიმე ელექტრონული ხელსაწყო ამოიღო.
ცნობისთვის, აშშ-ს ცენტრალურმა დაზვერვის სააგენტომ (CIA) განაცხადა, რომ თავდამსხმელი ავღანეთში CIA-ის მიერ მხარდაჭერილ სამხედრო დანაყოფში მუშაობდა.
29 წლის ავღანელ რაჰმანულა ლაკანვალს ეროვნული გვარდიის წევრებზე ჩასაფრების მოწყობისა და განზრახ მკვლელობისთვის ბრალი სამი მუხლით წარედგინება.
ვაშინგტონის პროკურორმა ჯენინ პირომ თქვა, რომ "ეს არ იყო უბრალო თავდასხმა, ეს ქალაქში არსებული კანონისა და წესრიგისთვის პირდაპირი გამოწვევა იყო." ამასთან, პირომ აღნიშნა, რომ თუ ეროვნული გვარდიის რომელიმე წევრი გარდაიცვლებოდა, ბრალდებულს პირველი ხარისხის მკვლელობისთვის გაასამართლებდნენ.
FBI საქმეს ტერორისტული აქტის ხარისხით იძიებს.





