აშშ-ს ცენტრალურმა დაზვერვის სააგენტომ (CIA) განაცხადა, რომ ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ორ წევრზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ავღანეთში CIA-ის მიერ მხარდაჭერილ სამხედრო დანაყოფში მუშაობდა.
29 წლის ავღანელ რაჰმანულა ლაკანვალს ეროვნული გვარდიის წევრებზე ჩასაფრების მოწყობისა და შემდეგ მკვლელობის განზრახვით მოქმედებისთვის სამი მუხლით წარედგინება ბრალი.
აშშ-ს პროკურორის ჯენინ პიროს ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავებული ეროვნული გვარდიის წევრების, 20 წლის სარა ბექსტრომისა და 24 წლის ენდრიუ ვოლფის მდგომარეობა კრიტიკულია. პირომ აღნიშნა, რომ თუ ეროვნული გვარდიის რომელიმე წევრი გარდაიცვლება, ბრალდებულს პირველი ხარისხის მკვლელობისთვის გაასამართლებენ.
"ეს არ იყო უბრალო თავდასხმა, ეს ჩვენს ქალაქში არსებული კანონისა და წესრიგისთვის პირდაპირი გამოწვევა იყო." - დაამატა პირომ. FBI თავდასხმის საქმეს ტერორისტული აქტის ხარისხით იძიებს.
ცნობისთვის, 27 ნოემბერს ვაშინგტონში, თეთრი სახლიდან 5 წუთის მოშორებით, აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დედაქალაქში განლაგებულ ეროვნული გვარდიის წევრებს გამიზნულად დაესხა თავს.
შემთხვევის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეროვნული გვარდიის ორი წევრი კრიტიკულ მდგომარეობაში განსხვავებულ საავადმყოფოებში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, თავდამსხმელიც მძიმედ იყო დაჭრილი.





