საქართველო-ფინეთი

გამოგონილი ნარატივია - შარმანაშვილი კობახიძესთან შეხვედრის ფინური მხარის მიერ გაუქმებაზე

"გამოგონილი ნარატივია, ამის დაჯერება არის წარმოუდგენელი" - ასე ეხმაურება ივანიშვილის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ეუთო-ს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის ფინური მედიისთან გაკეთებულ განცხადებას, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად ვალტონენიმ გააუქმა. 

15 ოქტომბერს ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა კობახიძემ გააუქმა.

შარმანაშვილი ამბობს, რომ ვალტონენიმ აღნიშნული განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ "ფინური საზოგადოებისთვის ფინური საზოგადოებისთვის უნდა აეხსნა, რატომ დაარღვია კანონი სხვა ქვეყანაში და რატომ მიიღო ისეთ თავყრილობაში მონაწილეობა, რომ იმ ქვეყნის მთავრობა იძულებული გახდა, გაეუქმებინა პრემიერმინისტრთან შეხევდა - ამას აარიდა თავი".

შარმანაშვილი ამბობს, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება "დაუჯერებელია".

"რაც შეეხება რამდენად დამაჯერებელია ის, რაც ფინურ პრესაში გავრცელდა და რაც განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ყველამ კარგად ვიცით, რომ დიპლომატიური არხებით, საათებით და  წუთებით არის განსაზღვრული სად და როდის ჩადის და რომელ ქვეყანაში, რომელ საათზე გადაინაცვლებს. 

ასე რომ, იმ დროს მოუნდა გამგზავრება და იმ დროს დაამთხვია როდესაც ჩანიშნული იყო პრემიერმინისტრთან შეხვედრა - ეს არის ყოვლად დაუჯერებელი. არავინ არ დაიჯერებს, გულუბრყვილო ადამიანებიც არ დაიჯერებენ. რა თქმა უნდა, ეს იყო თავის არიდება იმ საკითხებზე, რომ ფინურ მიმოხილვებში და გამოცემებში არსად იყო ნახსენები, რომ ის რუსთაველის პროსპექტზე კანონსაწინააღმდეგო მიტინგში იღებდა მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ეს ფინელ ამომრჩევლებს არ მოეწონებოდა და ამას გვერდი აუარეს, ისიც კი არ გაავრცელეს რა იყო რეალური საფუძველი გადადებისა. 

წარმოიდგინეთ, გრაფიკის შეცვლის გამო, ჩვეულებრივ ენაზე რომ გადავიტანოთ - იცით რა, ბატონო პრემიერმინისტრო, ვერ შეგხვდებით, სხვა საქმეები გამომიჩნდა. ახლა ეს რამდენად სერიოზული განცხადებაა, თქვენ განსაჯეთ". - განაცხადა შარმანაშვილმა სამთავრობო პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში. 

ცნობისთვის ფინური გამოცემა Helsingin Sanomat წერს, რომ მათთან სატელეფონო საუბარში ეუთო-ს (OSCE) მოქმედმა თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა.

ვალტონენის თქმით, გადაწყვეტილება ფინურმა მხარემ განრიგის ცვილების გამო მიიღო და ქართულ მხარეს გუშინ ღამით შეატყობინა. "შეხვედრის გაუქმება აზერბაიჯანში დროზე ჩასვლის გამო მომიწია" - თქვა მინისტრმა.

ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, 14 ოქტომბერს ის შეხვდა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინსიტრ მაკა ბოჭორიშვილსაც.

საღამოს კი რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდა. 

"თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიულ მიმართულებაზე. მათ აქვთ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების სრული უფლება. აქ მათ მხარდასაჭერად ვართ" - დაწერა ფინეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა სოციალურ ქსელ X-ზე.

კომენტარები