საქართველო-ფინეთი

ივანიშვილის საგარეო უწყება ეუთოს ვალტონენის შესახებ საპროტესტო ნოტით მიმართავს

მაკა ბოჭორიშვილი / ელინა ვალტონენი

ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს, რომ ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს.

ნოტაში ნათქვამია, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებული პროგრამის გარდა, ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას და გააკეთა განცხადება, რომელიც "საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა".

"საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენლობა ეუთო-სა და ქ. ვენაში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გამოხატავს თავის ღრმა პატივისცემას ეუთო-ს სამდივნოს მიმართ და აქვს პატივი, გამოხატოს საქართველოს მთავრობის შეშფოთება ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის განხორციელებული პროგრამის ფარგლებს მიღმა, რომელიც მოიცავდა შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, საოკუპაციო ხაზზე ვიზიტს და შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელთან, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას, რომლებმაც 14 ოქტომბერს თავისუფლად, თუმცა არალეგალურად, გადაკეტეს თბილისის მთავარი გამზირი. მინისტრი ვალტონენის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება, რომელიც არ ასახავს რეალობას, წარმოადგენს შეგნებულ მცდელობას, შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის სულისკვეთებას და შეიძლება, ჩაითვალოს თავმჯდომარის მანდატის ბოროტად გამოყენებად, რაც აზიანებს ნდობასა და მოსალოდნელ ნეიტრალიტეტს.

აღნიშნული ქმედებები შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან, რომელთა შორისაა - სუვერენიტეტის პატივისცემა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა, როგორც ეს ასახულია ჰელსინკის დასკვნით აქტში, გაეროს A/RES/20/213 რეზოლუციაში, ეუთო-ს წესებსა და პროცედურებში და ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის სულისკვეთებას". - ნათქვმია ნოტაში.

ცნობისთვის, შსს-მ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი გზის "უკანონოდ გადაკეტვისთვის" დააჯარიმა - ინფორმაციას ტაბულას შსს-ში უდასტურებენ.

ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, 14 ოქტომბერს ის შეხვდა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინსიტრ მაკა ბოჭორიშვილსაც, საღამოს კი რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდა.

15 ოქტომბერს ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა გააუქმა. ამის შემდეგ, ფინურმა გამოცემა Helsingin Sanomat-მა დაწერა, რომ მათთან სატელეფონო საუბარში ვალტონენმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა. ვალტონენის თქმით, გადაწყვეტილება ფინურმა მხარემ განრიგის ცვილების გამო მიიღო და ქართულ მხარეს 14 ოქტომბერს, ღამით შეატყობინა. "შეხვედრის გაუქმება აზერბაიჯანში დროზე ჩასვლის გამო მომიწია" - თქვა მინისტრმა. 

კომენტარები