ფინური გამოცემა Helsingin Sanomat წერს, რომ მათთან სატელეფონო საუბარში ეუთო-ს (OSCE) მოქმედმა თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა.
ვალტონენის თქმით, გადაწყვეტილება ფინურმა მხარემ განრიგის ცვილების გამო მიიღო და ქართულ მხარეს გუშინ ღამით შეატყობინა. "შეხვედრის გაუქმება აზერბაიჯანში დროზე ჩასვლის გამო მომიწია" - თქვა მინისტრმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ოფიციალურ ტურნეზე იმყოფება და აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა 14 ოქტომბრამდე იყო დაგეგმილი, თუმცა გეგმები მას მერე შეიცვალა, რაც ილჰამ ალიევი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ეგვიპტეში გამართულ "მშვიდობის სამიტზე" გაემგზავრა. დღეს ვალტონენი აზერბაიჯანში შეხვედრებს სწორედ ქვეყნის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს.
"მე კონკრეტულად იმ დემონსტრაციების დასაკვირვებლად წავედი, რომლებიც საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში მიმდინარეობს. მინდოდა სიტყვის თავისუფლების მიმართ ჩემი მხარდაჭერა გამომეხატა" - ასე გამოეხმაურა მინისტრი ივანიშვილის პრემიერის მთავრობის ადმინისტრაციის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ის "კანონსაწინააღმდეგო მიტინგში" მონაწილეობდა და "ცრუ განცხადებებს" აკეთებდა.
ცნობისთვის, 15 ოქტომბერს ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა კობახიძემ გააუქმა.
მანამდე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინიტრი თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მივიდა.
"თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიულ მიმართულებაზე. მათ აქვთ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების სრული უფლება. აქ მათ მხარდასაჭერად ვართ" - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.





