საქართველო-ფინეთი

არანაირი ფასი არ ჰქონდა საქართველოსთვის - ბოჭორიშვილი ვალტონენის ვიზიტზე

მაკა ბოჭორიშვილი/ელინა ვალტონენი

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ეუთოს თავმჯდომარესა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის "გზის გადაკეტვისთვის" დაჯარიმება სამართლიანი ნაბიჯი იყო.

ბოჭორიშვილმა ამის შესახებ სამთავრობო პროპაგანისტული რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ვალტონენის ვიზიტს "არანაირი ფასი არ ჰქონდა საქართველოსთვის", რადგან მას თავმჯდომარეობის ვადა მალე გასდის.

"მიუხედავად იმისა, რომ მის ვიზიტს ფაქტიურად თავმჯდომარეობის დასასრულს, არანაირი ფასი არ ჰქონდა საქართველოსთვის, მას ფასი ექნებოდა ნამდვილად, თუ ის ჩამოვიდოდა საქართველოში იანვარში, თებერვალში, წლის დასაწყისში, როდესაც ფინეთის თავმჯდომარეობის დღის წესრიგი ჯერ კიდევ წინ იყო, ამას ექნებოდა აზრი. როდესაც წლის ბოლოს, მაშინ, როდესაც თავმჯდომარეობის ერთი თვე, თვე-ნახევარი გაქვს დარჩენილი, რამდენად აზრიანია ეს ვიზიტი, კითხვის ნიშანი შეიძლება დავსვათ.

მიუხედავად ამისა, საქართველოს პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის პრინციპებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ხელი არ შეგვიშლია ამ ვიზიტის განხორციელებაში, პირიქით, ხელი შევუწყვეთ ამ ვიზიტის განხორციელებას და ქალბატონი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სამხრეთ კავკასიის ტურის ფარგლებში ეწვია, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა." - ამბობს ბოჭორიშვილი.

მისივე თქმით, ელინა ვალტონენმა დაარღვია "ყველანაირი საერთაშორისო ნორმა და წესი".

"ჩვენ ვიმოქმედეთ იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებშიც მოქმედების შესაძლებლობას იძლევა საერთაშორისო წესები. გაგზავნილი იქნა ნოტა, რომელიც მიიღო ეუთოს ყველა მონაწილე ქვეყანამ. ამ ნოტას ჰქონდა გამოხმაურება და ეს გამოხმაურება ნიშანდობლივია, 57 ქვეყნიდან, 10-მა მონაწილე ქვეყანამ აუბა მხარი, გაამართლა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედება, შეაგულიანა თუ მხარი დაუჭირა. ესეც რაღაცას ნიშნავს, 57 ქვეყნიდან 10 ქვეყანა გიჭერს მხარს, ალბათ რაღაცაზე უნდა დავფიქრდეთ." - ამბობს ივანიშვილის მინისტრი.

კითხვაზე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას იცოდა თუ არა, რომ იგი რუსთაველის გამზირზე აქციას შეურთდებოდა, ბოჭორიშვილმა უპასუხა:

"მოლოდინი, რომ მსგავსი რაღაც შეიძლება მომხდარიყო მისი მხრიდან, არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი ეს ნაბიჯი. თუმცა, ეს არ იყო პროგრამის ნაწილი, ეს არ იყო შეთანხმებული, ეს არ იყო წინასწარ გაწერილი, როგორც ხდება ხოლმე ასეთ ვიზიტებზე. კრიტიკას აქ არავინ გაურბის, შეიძლება ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ არსებობს რაღაც დადგენილი წესები, რომლის ჩარჩოებშიც ჩვენ ვმოქმედებთ და როდესაც ამ წესებიდან ხდება სრულიად უხეშად გასვლა, რა თქმა უნდა, შენც რეაგირებ ამ ყველაფერზე. მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა გამართლება ამის ნამდვილად ვერ მოხდება."

ივანიშვილის შსს-მ ეუთოს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "გზის გადაკეტვისთვის" 5 000 ლარით დააჯარიმა. მაკა ბოჭირიშვილი ამბობს, რომ "სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ სრული უფლება, ნებისმიერ ადამიანს გამოუწერონ ჯარიმა."

"ძალიან ხშირად მოგვიწოდებენ ხოლმე სამართლის უზენაესობისკენ, რომ ყველა თანასწორია და თანაბრები ვართ კანონის წინაშე, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არღვევს კანონს. ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ სრული უფლება, რომ ნებისმიერ ადამიანს გამოუწერონ ჯარიმა, თუ ის არღვევს კანონს. ის გადაიხდის თუ არ გადაიხდის, დიპლომატიურ იმუნიტეტს გამოიყენებს თუ არ გამოიყენებს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე თუკი კანონის უზენაესობიდან გამოვდივარ, არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ უკრძალავს სახელმწიფოს კანონების დაცვას, შესაბამისად, სრულიად სამართლიანი იყო ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა, როდესაც კანონის კონკრეტული მოთხოვნის დარღვევისთვის, გამოეწერა მას ჯარიმა. რამდენად მოხდება ამ ჯარიმის გადახდა სხვა საქმეა." - განაცხადა მან.


ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, 14 ოქტომბერს ის შეხვდა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინსიტრ მაკა ბოჭორიშვილსაც, საღამოს კი რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდა.

15 ოქტომბერს ივანიშვილის მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა გააუქმა. ამის შემდეგ, ფინურმა გამოცემა Helsingin Sanomat-მა დაწერა, რომ მათთან სატელეფონო საუბარში ვალტონენმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა. ვალტონენის თქმით, გადაწყვეტილება ფინურმა მხარემ განრიგის ცვილების გამო მიიღო და ქართულ მხარეს 14 ოქტომბერს, ღამით შეატყობინა. "შეხვედრის გაუქმება აზერბაიჯანში დროზე ჩასვლის გამო მომიწია" - თქვა მინისტრმა. 

კომენტარები