ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

თავი მოიკლა 7 ოქტომბერს გადარჩენილმა, რომელსაც ჰამასმა ხოცვა-ჟლეტისას შეყვარებული მოუკლა

როი შალევი და მაპალ ადამთან ერთად

30 წლის როი შალევმა, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მიერ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა, თავი მოიკლა. 

ნოვას მუსიკალურ ფესტივალზე შალევი თავის შეყვარებულთან, მაპალ ადამთან ერთად იმყოფებოდა და თავდასხმის დაწყების შემდეგ საკუთარი სხეულით მის გადაფარვასა და ტყვიებისგან დაცვას ცდილობდა, თუმცა ჰამასის ტერორისტებმა ადამი და მისი კიდევ ერთი მეგობარი მოკლეს, თავად შალევი კი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების მიუხედავად, ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა. 

ებრაული მედიის ინფორმაციით, შალევი ისრაელის ქალაქ ნეთანიის სიახლოვეს, გზატკეცილზე, ცეცხლმოკიდებულ მანქანაში, იპოვეს. პოლიციის თქმით, მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

შალევის მეგობრები ამბობდნენ, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს მიღებული ტრავმისა და ადამის დაკარგვის გადატანა მან ვერ შეძლო. ხოცვა-ჟლეტიდან რამდენიმე დღეში თავი შალევის დედამაც მოიკლა. 

Times of Israel-ის ცნობით, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შალევმა სოციალურ მედიაში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ "გაგრძელება აღარ შეეძლო" და პატიებას ითხოვდა. ამის შემდეგ აღელვებულმა მეგობრებმა და ნაცნობებმა მისი მოძებნა სცადეს, რადგან იგი ზარებს აღარ პასუხობდა. 

სათვალთვალო კამერებმა აჩვენა, რომ შალევმა ბენზინგასამართ სადგურზე კანისტრა საწვავით აავსო. მეხანძრეებმა შალევის ცხედარი ცეცხლმოკიდებულ მანქანაში იპოვეს. იგი გარდაცვლილად ადგილზევე გამოცხადდა. 

ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე შალევმა და მაპალმა ერთად ცხოვრება დაიწყეს, რასაც ისინი ისრაელის ნეგევის უდაბნოში დაგეგმილ მუსიკალურ ფესტივალზე აღნიშნავდნენ. თუმცა, 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტები ღონისძიებაზე შეკრებილ უდანაშაულო ხალხს თავს დაესხნენ და მათი დახოცვა დაიწყეს. 

Sky News წერს, რომ როისთან და მაპალ ადამთან ერთად ფესტივალზე მათი კიდევ ერთი მეგობარი, ჰილი სოლომონი იმყოფებოდა. სამივე მათგანმა გაქცევა მანქანით სცადა, თუმცა ტერიტორიის დატოვების მცდელობის დროს სისხლში დაფარული ახალგაზრდა ქალი შეხვდათ, რომელმაც ისინი გააფრთხილა, რომ მის უკან ჰამასის ტერორისტები იყვნენ. ამის გამო სამივე მათგანმა მანქანა დატოვა და დამალვის მიზნით ხეებისკენ გაიქცა.

"ჩვენ გარშემო ტყვიები ზუზუნებდა, სიახლოვეს ყუმბარები ფეთქდებოდა და ყველა მიმართულებიდან ტერორმა მოგვიცვა", იხსენებდა როი შალევი 7 ოქტომბრის მოვლენებს. 

სამივე მათგანმა დამალვა მიტოვებულ მანქანებთან სცადა - როი და მაპალი ერთი მანქანის ქვეშ შეძვრნენ, ჰილი კი - მეორის.

ამ დროს მაპალი თავის დასთან, ისრაელური ტელევიზიის წამყვანთან, დაკავშირებას ცდილობდა, რომელმაც დაამშვიდა, რომ მათკენ დახმარება მოდიოდა. თუმცა, შეიარაღებული თავდამსხმელები მათ დაეწივნენ და სამივე მათგანს ესროლეს. 

შალევმა საკუთარი სხეულით სცადა 26 წლის მაპალის ტყვიებისგან დაცვა, თუმცა მაპალი ადგილზევე დაიღუპა, თავად შალევს კი ტყვია ზურგში მოხვდა. ასევე ადგილზევე დაიღუპა 26 წლის ჰილიც. 

ამის შემდეგ როი რამდენიმე საათის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა და თავს აჩვენებდა, თითქოს მკვდარი იყო. ამ პერიოდში ტერორისტების მეორე ჯგუფმაც გამოიარა, რომლებმაც მას კიდევ ერთხელ ესროლეს, თუმცა შალევი ამჯერადაც არ განძრეულა. ისრაელის არმიამ შალევი შვიდი საათის შემდეგ იპოვა. 

როის თქმით, მისი შეყვარებულისა და საუკეთესო მეგობრის მკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ, დედამისმა რაფაელამ თავი მოიკლა, რადგან "7 ოქტომბრით მიყენებულ ტკივილსა და დანაკარგებს ვერ გაუძლო". 7 ოქტომბერს ჰამასის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის დროს ჯამში 1,200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 251 კი მძევლად წაიყვანეს. 

კომენტარები