მოლაპარაკებებთან დაახლოებული რამდენიმე პირი New York Times-ს უყვება, რომ ვენესუელის ოფიციალურმა პირებმა თვეების განმავლობაში მიმდინარე განხილვებში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ვენესუელის ნავთობისა და სხვა ბუნებრივი რესურსების ინდუსტრიაში დომინანტური როლის შესთავაზეს.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეთავაზების მიხედვით, რომელიც ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანსა და ვენესუელის ავტორიტარი ლიდერის, ნიკოლას მადუროს უახლოეს მრჩევლებს შორის განიხილებოდა, მადურო მზად იყო არსებული და სამომავლო ნავთობისა და ოქროს პროექტები ამერიკული კომპანიებისთვის გაეხსნა, ამერიკული ბიზნესისთვის პრეფერენციული კონტრაქტები მიეცა, ვენესუელის ნავთობის ექსპორტის მიმართულება ჩინეთიდან შეერთებულ შტატებზე შეეცვალა და ენერგეტიკული და წიაღისეულის კონტრაქტები ჩინურ, ირანულ და რუსულ ფირმებთან მნიშვნელოვნად შეემცირებინა.
ინფორმირებული პირები გამოცემას უყვებიან, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საბოლოოდ უარი თქვა მადუროს ეკონომიკურ შეთავაზებებზე და გასულ კვირას ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
NYT წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ვენესუელის წარმომადგენლები ეკონომიკურ საკითხებში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, ისინი ვერ შეთანხმდნენ მადუროს პოლიტიკურ მომავალზე. ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა გასულ თვეში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მადურო საკუთარი გადადგომის შესახებ მოლაპარაკებას არ აწარმოებს.
მადურო 2013 წელს პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის შემდეგ არაერთხელ ძალადობრივად აღკვეთდა დემოკრატიულ გამოწვევებს თავისი მმართველობისადმი. მან ძალაუფლება გასულ წელსაც შეინარჩუნა, მას შემდეგ რაც არჩევნების შედეგები გააყალბა და სასტიკად ჩაახშო საპროტესტო გამოსვლები.
ვენესუელა ამჟამად დღეში დაახლოებით ერთ მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს - მაშინ როცა მადუროს წინამორბედის, უგო ჩავესის, ხელისუფლებაში მოსვლისას ეს მაჩვენებელი სამი მილიონი ბარელი იყო. ქვეყნის ნავთობის ექსპორტის უმეტესი ნაწილი ჩინეთში მიდის, გარდა დაახლოებით 100,000 ბარელისა, რომელსაც ამერიკული ენერგოგიგანტი Chevron შეერთებულ შტატებში ყიდის.
ექსპერტთა უმეტესობა თანხმდება, რომ ვენესუელას შეუძლია სწრაფად გაზარდოს ნავთობის წარმოება უცხოური კაპიტალის მნიშვნელოვანი ინვესტიციის გზით, თუმცა ისინი განსხვავებულად აფასებენ, შესაძლებელი იქნება თუ არა ეს მოქმედი მთავრობის პირობებში.
ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ აშშ-სა და ვენესუელას ეკონომიკური ურთიერთობის საკუთარი პროექტი ნიუ-იორკში წარადგინა. მაჩადოსა და მისი წარმომადგენლების თქმით, ვენესუელასთან ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება მხოლოდ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პირობებშია შესაძლებელი და მადუროს რეჟიმი ინვესტორებს არა ეკონომიკურ სტაბილურობას, არამედ მკაცრ კონტროლს სთავაზობს.





