ნეტგაზეთი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხს ავრცელებს, სადაც საუბარია ივანიშვილის ელჩის, თამარ ტალიაშვილთან შეხვედრის მიზეზზე.
ამასთან ერთად, გამოცემისთვის გაგზავნილ წერილში, ამერიკა რეჟიმის პროპაგანდას პასუხობს ტაილანდიდან საქართველოში "რევოლუციური მიზნების" დაფინანსების შესახებ.
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რათა დაეფიქსირებინა ჩვენი წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ცნობებს აძლიერებდა. ეს ინფორმაცია არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს.
განმარტების ძიების ნაცვლად, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა ამჯობინეს მედიით გავრცელებული ამ მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, რითაც აშშ-ის საელჩოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებისთვის შევიწროებისა და დაშინების ატმოსფერო შეიქმნა.
სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური სერვისების ცენტრი ბანგკოკში ასრულებს რუტინულ, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხების განაწილებაში აშშ-ის მთავრობის საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს ფინანსური სერვისების ცენტრი გასცემს სახელფასო ანაზღაურებას ამერიკელი და ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი ქვეყნების მთავრობებისა და სხვა პარტნიორებისთვის. ეს ტრანზაქციები არის რუტინული, გამჭვირვალე და ხორციელდება აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით." - წერია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის წერილში.
რადიოთავისუფლებამ 4 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამარ ტალიაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და “ტაილანდიდან რადიკალიზმის დაფინანსების” შესახებ ივანიშვილის სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით “ღრმა შეშფოთება” გამოხატეს.
ივანიშვილის სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ 2 ოქტომბერს სამთავრობო, პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში თქვა, რომ "ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, რომელიც არის დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელ მსოფლიოში, ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით, 95-99% შემთხვევაში, ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს"
"ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული". - ირწმუნებოდა მდინარაძე.





