4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ვახო ფიცხელაური ადვოკატის, გიორგი ჩხეიძის თქმით, დაკავებისას ვახო ფიცხელაურს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"დაკავებისას ადგილი ჰქონდა, როგორც მინიმუმ, ფიზიკური ძალის გადამეტებას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუქარას და, ასე ვთქვათ, ერთგვარ აგდებულ დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი იღებდა მონაწილეობას საპროტესტო აქციებში და რომ თითქოს მას კონკრეტული პარტიის მოსვლა სურდა ხელისუფლებაში. ეს იყო ძირითადი საუბარი, საუბრები ყოველ შემთხვევაში, რაც შედგა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელსა და თავად ვახოს შორის, რასაც ასევე ვახო ადასტურებს. [...]
ძირითადად მუქარა მიმართული იყო მისი სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებასთან დაკავშირებით. იმუქრებოდნენ, რომ დააკავებდნენ სისხლის სამართლის წესით, რომ იგი გაიზიარებდა იმ პიროვნებების ბედს, რომლებიც იყვნენ დაკავებულები უშუალოდ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებასთან მიმართებაში. საუბარი არის პაატა ბურჭულაძეზე, მურთაზ ზოდელავაზე და სხვა პიროვნებებზე." - თქვა ადვოკატმა ტვ პირველთან საუბრისას.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულია 5 პირი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
"მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - თქვა დარახველიძემ.
6 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დარახველიძის ცნობით, შსს-მ 4 ოქტომბრის აქციის საქმის გამოძიების ფარგლებში 15 მონაწილის იდენტიფიცირება მოახდინა და მათგან 13 გამოძიების პირველ ეტაპზე დააკავეს.
დარახველიძის თქმით, 2 პირი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)



