გირჩი - მეტი თავისუფლების წევრის, გელა ხასაიას დაკავებასთან დაკავშირებით პარლამენტის შენობასთან განცხადება გააკეთეს პროტესტში ჩართულმა მოქალაქეებმა, აქტივისტებმა და რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა.
მათი განცხადებით, ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ ქართული ოცნება არ წავა.
"ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს, რუსულ ავტორიტარიზმს, რომელიც გვაქვს ქართული ოცნების სახით. დღეს გელა ხასაია არ არის ჩვენს გვერდით, რომელიც ჩვენს გვერდზე იდგა ყოველდღიურად. ეს არის ძალიან სამხუხარი ფაქტი, მარამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. აუცილებლად გელა ხასაია და სხვა სინდისის პატიმრები გარეთ იქნებიან.
ჩვენ ქოცებისგან ის განგვასხვავებს, რომ ჩვენ არასდროს არ მივატოვებთ ჩვენს მეგობრებს, თანამებრძოლებს და ყოველთვის ვიბრძოლებთ მათი თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ საქართველომ გაიმარჯვოს და მოვიშოროთ ეს ჭირი, რომელიც ქართული ოცნების სახით გვყავს და რომელიც ასე გვაკარგვინებს ჩვენს იდენტობას. ამიტომ, ბრძოლა გრძელდება და ბრძოლა დასრულდება აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით, აუცილებლად ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამას, გელას ჩათვლით, რა თქმა უნდა". - განაცხადა ლაშა ჯანჯღავამ.
29 სექტემბრის გვიან საღამოს გირჩი მეტი თავისუფლების წევრი, გელა ხასაია დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარტია გირჩი მეტი თავისუფლების წევრი გელა ხასაია და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
მუხლი 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.
ხასაიას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე ვარაუდობდა, რომ საქმე ეხება 1 სექტემბერს, სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტს, რომელსაც გელა ხასაია შეესწრო. ფურცელაძე ხაზგასმით ამბობდა, რომ სიტყვიერი დაპირისპირება ხასაიასთვის უცნობ პირებს შორის მოხდა.





