ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც "მსურველთა კოალიცია" განიხილავს, ევროპის ქვეყნებს აიძულებს ხელი მოაწერონ, რომ პასუხს გასცემენ რუსეთს, თუ მომავალში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს კვლავ დაიწყებს. ამის შესახებ სტუბმა The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"უსაფრთხოების გარანტიები, არსებითად, შემაკავებელი ფაქტორია. ეს შემაკავებელი ფაქტორი დამაჯერებელი უნდა იყოს და იმისათვის, რომ დამაჯერებელი იყოს, ის უნდა იყოს ძლიერი. ეს ასევე ნიშნავს სტრატეგიულ კომუნიკაციას, ამიტომ ჩვენ არ ვაცხადებთ უსაფრთხოების გარანტიებს უსაფუძვლოდ, არამედ ვიძლევით რეალურ უსაფრთხოების გარანტიებს და რუსეთმა ეს იცის.". - თქვა სტუბმა.
ამასთან, მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიები ძალაში მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს შორის მომავალი შეთანხმების შემდეგ შევა, მაგრამ მათ ფორმატზე რუსეთს ვეტოს უფლება არ ექნება.
"რუსეთს აბსოლუტურად არანაირი ხმა არ აქვს დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე. ამიტომ, ჩემთვის საკითხი არ დგას ასე: დათანხმდება თუ არა რუსეთი. რა თქმა უნდა, ისინი არ დათანხმდებიან, მაგრამ საქმე ამაში არ არის". - თქვა სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის დიდი შანსი არ არსებობს.
"ეს ომი ძალიან დიდი იმისთვის, რომ წააგოს. მან, ალბათ, უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, განსაკუთრებით ცივი ომის დასრულების შემდეგ, და ყველა სტრატეგიული მიზნის მიღწევაში ჩავარდა. დროის საკითხია, თუ როდის მივა ის მოლაპარაკების მაგიდასთან, იმედია, უფრო ადრე, ვიდრე გვიან, მაგრამ ახლა მე საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი". - დაამატა სტუბმა.





