რუსული რეჟიმი

აქციის მონაწილეებზე თავდამსხმელი გაათავისუფლეს, დაიწყო სხვა გამოძიება ძალადობის მუხლით

არასრულწლოვანი, რომელიც 15 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან პარლამენტამდე მიმავალი საპროტესტო მარშის მონაწილეებს იარაღით დაემუქრა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაათავისუფლეს, რადგან "იარაღი ცეცხლსასროლი არ აღმოჩნდა".

შსს-ს ცნობით, ექსპერტიზამ დაადგინა რომ იარაღი, რომელიც მან დემონსტრანტებს  ბესიკის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში დაუმიზნა, პნევმატიკური იყო.

15 სექტემბერს შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2009 წელს დაბადებული დ.გ. დააკავა.

უწყება წერდა, რომ თვითმხილელების ცნობით, მან აქციის მონაწილეებს იარაღი დაუმიზნა.

არასრულწლოვანი მოქალაქე ლევან ჯობავამ განაიარაღა და მისივე თქმით, იარაღი პოლიციას გადასცა, რის შემდეგაც პოლიცია მას საათზე მეტი დროის განმავლობაში ადვოკატის დაუსწრებლად კითხავდა.

"ვიღაც ადამიანები იყვნენ, რომლებიც გვაგინებდნენ. რომ ამოვყევით, ერთ-ერთი შევარდა აქ (კაფეში), რომ ვკითხეთ, ვის აგინებთ-თქო, კედელთან დადგა და იარაღი გვაჩვენა, წავართვით ეს იარაღი და გამოვიყვანეთ. მივეცით იარაღი პოლიციას, ეს ადამიანიც ჩავაბარეთ და შემდეგ ერთ საათზე მეტი გარეთ არ მიშვებდნენ და არც ადვოკატს უშვებდნენ შიგნით". - ამბობდა ჯობავა რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

ჯობავას ადვოკატის, მარიამ ჯიქიას ინფორმაციით, შსს-მ არასრულწლოვანის გათავისუფლების პარალელურად გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით.

"უკვე დღევანდელი ინფორმაციით, დავით გრძელიძე დაკავებული არ არის არც ბრალი აქვს წარდგენილი. ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ბრალდების მხარე ამბობს, რომ იარაღი პნევმატიკურია, გამოძიება მიმდინარეობს ისევ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც დიდი ალბათობით დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდება.

თუმცა ამ მუხლის გარდა, გამოძიება მიმდინარეობს არა უკვე ქალაქის, არამედ ძვ. თბილისის რაიონულში ძალადობის მუხლით, გუშინდელი მოტივაცია ლევან ჯობავას წინააღმდეგ დასმული კითხვების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საქმის გამომძიებლები სვამდნენ, გასაგები ხდება" - წერს ჯიქია სოციალურ ქსელში.

კომენტარები