ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის ცნობით, ჩეხეთმა ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად ქართული დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე პირებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. 

ამის შესახებ ლიპავსკიმ Facebook-ზე დაწერა.

"დღეს მთავრობამ დაამტკიცა ჩემი შეთავაზება, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე პირებისთვის სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს. ეს არის ჩვენი პასუხი ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, დემონსტრაციების შეზღუდვასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაზე. ეს ზომა საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს". - წერს ლიპავსკი. 

შეგახსენებთ, რომ 27 იანვარს, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა

როგორც პრესრელიზში იყო აღნიშნული, გადაწყვეტილება შეეხებათ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ; საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

კომენტარები