ლევან ხაბეიშვილის დაკავება

გდდ-ს 3-მა თანამშრომელმა ხაბეიშვილის განცხადება რეალურ შეთავაზებად მიიღო - პროკურორი

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის საქმის პროკურორის, ბექა ხუნაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, მათ გდდ-ის 3 თანამშრომელი გამოკითხეს, რომლებმაც, მისივე განცხადებით, ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით ხაბეიშვილის საჯარო განცხადებები რეალურ შეთავაზებად მიიღეს.

"რაც შეეხება პატიმრობის გამოყენების საფუძველს - არსებობდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და მტკიცებულებების დაკარგვის რისკი. ვერც მიმალვის საფრთხეს უგულებელვყოფდით [...] ამ დროისთვის, საქმეზე გდდ-ის 3 თანამშრომელი დაიკითხა, რომლებმაც თქვეს, რომ ხაბეიშვილის განცხადებები აბსოლუტურად რეალურ შეთავაზებად მიიღეს [...] 

საჯარო განცხადებას რაც შეეხება. ის უფრო მეტად საფრთხის შემცველია, ვიდრე თუნდაც 2-3 ადამიანთან კონფიდენციალური შეთანხმება. ამ შემთხვევაში, ეს პოლიციაში ყველა დასაქმებულს მოიცავს [...] ამ მომენტისთვის, ფარული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა". - თქვა ხუნაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

ხუნაშვილმა კომენტარი ხაბეიშვილისთვის წარდგენილ მეორე ბრალზეც გააკეთა, რაც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს. 

"ძალიან ბევრმა იკითხა მშვიდობიანი დამხობის თაობაზე. მშვიდობიანი დამხობა, თვითონ ტერმინი, მისი შინაარსი წარმოუდგენელი ოქსიმორონია. გამორიცხულია, დამხობა თავის თავში მშვიდობიან პროცესებსა და აქტებს მოიცავდეს". - ამბობს ხუნაშვილი.

პროკურორის თქმით, ამ დროისთვის, მათ ჯერ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი არ გაუხსნიათ.

დღეს, 13 სექტემბერს, ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო.

ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურა მას უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ, მოხელეებისთვის ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება.

კომენტარები