ლევან ხაბეიშვილის დაკავება

სუს-თან ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს დაკავებული თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სუს-თან შეკრებილებმა მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

კომენტარი გააკეთა ხაბეიშვილის დედამ, მარინა კოტრიკაძემ.

"ლევან ხაბეიშვილი მისი პოლიტიკური განცხადებების გამო დაატყვევეს. ის გარესამყაროსაც მოწყვიტეს, აუკრძალეს ოჯახის წევრებთან შეხვედრა, წერილის დაწერა, ტელეფონზე დარეკვა. მოვითხოვ, გაათავისუფლონ ჩემი შვილი და ყველა პოლიტიკური, სინდისის პატიმარი. მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და ისინი თავისი სამშობლოს სიყვარულისთვის დაატყვევეს". - თქვა ხაბეიშვილის დედამ.

აქციაზე მედიასთან ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბოტკოველმაც.

"რუსული რეჟიმის პირობებშიც კი ლევან ხაბეიშვილის საქმე სრულიად აბსურდულია. ის პოლიტიკური განცხადების გამო დააკავეს - ეს არცერთი ქვეყნის კანონმდებლობას არ ახსოვს. შეიძლება, ეს ისეთ დიქტატორულ სახელმწიფოებშიც არ მომხდარიყო, როგორებიც რუსეთი და ბელარუსია". - თქვა ბოტკოველმა.

ივანიშვილის სუს-მა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ციხეში პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება შეუზღუდა. 14 ნოემბერს ხაბეიშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ თქვა, რომ ხაბეიშვილს ეს შეზღუდვები კიდევ 2 თვით გაუგრძელეს. 

სუს-მა ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ხაბეიშვილს ორი ბრალდება წარუდგინა - უკანონო ქმედების სანაცვლოდ ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები