ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს გამომძიებელ შაქრო ხარშილაძის დადგენილების ტექსტს, რომლის მიხედვითაც უწყება ლევან ხაბეიშვილისთვის ციხეში პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვას ითხოვს.
"მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიზანშეწონილია, რომ ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს შეეზღუდოს ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან არის საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ სატელეფონო კომუნიკაციის, პაემანზე შეხვედრის ან მიმოწერის გზით პენიტენციური დაწესებულებიდან იგი შეეცდება საქმეში გამავალ პირებთან, მოწმეებთან დაკავშირებას და ზემოქმედების მოხდენას, რაც ხელს შეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს შეეზღუდოს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება" - ნათქვამია დადგენილებაში.
სუს-მა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ხაბეიშვილს ორი ბრალდება წარუდგინა - უკანონო ქმედების სანაცვლოდ ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.





