პროკურატურამ კალაძის ბანერის შეღებვის გამო დაკავებულ მეგი დიასამიძის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე სასამართლოს მიმართა - ამის შესახებ ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
პატიმრობიდან დღეს განთავისუფლდნენ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირებიც. როგორც დარახველიძემ აღნიშნა, დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძებასთან, რის გამოც შეუძლებელი გახდა ბრალდებულების პასუხისგებაში მიცემა.
"სამწუხაროდ, დაზარალებულმა აქტივისტებმა, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა. შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან.
რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან" - თქვა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გამართულ ბრიფინგზე.
კალაძის ორი საარჩევნო ბანერის "დაზიანების გამო", რომელთა ზიანი საერთო ჯამში, 380 ლარია, მეგი დიასამიძეს პროკურატურამ ბრალი გუშინ წარუდგინა.
მეგი დიასამიძეს ბრალდება 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, წარედგინა, რაც ითვალისწინებს, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
კალაძის ტიტუშკების დაკავების შემდეგ ქეთი ალავერდაშვილმა, რომელზეც ზაზა მამალაძემ იძალადა, სოციალურ ქსელში დაწერა - "მე არ ვარ ირაკლი დგებუაძე. მისნაირი ჯაბანების მსგავსად, არ ვიტყუები და სიტუაციას ხელოვნურად არ ვამძიმებ. არ ვიგონებ, რომ რამე მეტკინა და ვინმეს სისხლით დაჭერა მინდა".





