აქცია კალაძის საარჩევნო შტაბთან

შსს: 8-9 სექტემბერს მელიქიშვილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 3 პირი დავაკავეთ

აქცია მელიქიშვილის გამზირზე
MoSe

შსს-მ მელიქიშვილზე 8-9 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა - 2 ჯგუფური ძალადობის, ხოლო 1 სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით. 

"ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან:1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ზ.მ.-მ და ი.ბ.-მ 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეეხება ი.დ.-ს მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მომხდარ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 162-ე პრიმა მუხლითა და 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება" - წერია შსს-ს განცხადებაში. 

8 სექტემბერს კალაძის საარჩევნო შტაბში გამაგრებული ქართული ოცნების ტიტუშკები აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქციაზე სცემეს ჟურნალისტებსაც, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. 

კომენტარები